ნათია 2 წლის შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში მას შემდეგ აღარ აქვეყნებს, რაც ერთ-ერთმა გვერდმა მათი გავრცელება ნებართვის გარეშე დაიწყო. ნათიას თქმით, ამით მისი შვილის უსაფრთხოება ირღვეოდა, რადგან გარანტია არ ჰქონდა, რომ პატარა გოგონას ზღვის ნაპირზე თუ საძინებელში გადაღებულ ფოტოებს ვინმე ბოროტად არ გამოიყენებდა.

სწორედ ამ საკითხის გააზრებისკენ მოგვიწოდებს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიც”, სანამ ბავშვის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს გავასაჯაროებთ. უწყების სიტუაციური ანალიზის მენეჯერის, დიმიტრი გუგუნავას თქმით, ბავშვის შესახებ გარკვეული ინფორმაციის გავრცელებით, შესაძლოა, მისი ინტერესები შევლახოთ.

დიმიტრი გუგუნავას თქმით, არსებობს რამდენიმე ტიპის ინფორმაცია, რომელიც შვილის შესახებ არ უნდა გავავრცელოთ, რათა ის საფრთხისგან დავიცვათ:

1. უხერხული ფოტოები (შიშველი, საძინებელში, აბაზანაში და ა.შ);

“ევროპასა და ზოგადად მსოფლიოში ძალიან გახშირებულია ბავშვებზე ძალადობის ფაქტები და პედოფილიის შემთხვევები.

“როდესაც სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს ვავრცელებთ, არ ვიცით, გარეშე პირი მას რა მიზნით გამოიყენებს,” – აღნიშნავს სიტუაციური ანალიზის მენეჯერი და დასძენს, რომ მორალური თვალსაზრით, ასეთი ფაქტის აღმოჩენა მძიმეა, ამიტომ უმჯობესია, პრევენციაზე თავიდანვე ვიზრუნოთ.

2. ინფორმაცია ბავშვის სკოლის, ბაღისა და ინტერესების შესახებ

გარდა იმისა, რომ ბავშვის დოკუმენტების (მაგალითად, დაბადების მოწმობა) ფოტოები არ უნდა გამოვაქვეყნოთ, საფრთხისშემცველია შვილის სკოლის ან ბაღის მისამართისა და ფოტოების ატვირთვა. არ უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია გაკვეთილების განრიგის შესახებ და ა.შ.

“ასეთი ინფორმაცია ვინმემ შეიძლება ბოროტი მიზნების განხორციელებისთვის გამოიყენოს. მაგალითად, ევროპაში ბავშვთა მოტაცების შემთხვევები საკმაოდ გავრცელებულია, შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შვილის შესახებ ინფორმაციას პირდაპირ ნუ მივაწვდით.

სოციალური ქსელის დანაშაულებრივი მიზნით გამოყენების ფაქტად, აშშ-ში მომხდარი ბინების ძარცვის მაგალითიც გამოდგება.

დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც სოციალურ ქსელში აქტიური პირების ბინებს ძარცვავდნენ. მათი სტატუსების მიხედვით არკვევდნენ, შინ როდის არ იმყოფებოდნენ,” – აღნიშნავს დიმიტრი გუგუნავა.

3. “როცა ბავშვის ფოტოს სოციალურ ქსელში ვასაჯაროებთ, უნდა განვსაზღვროთ რისკები,” – აღნიშნავს სპეციალსტი და ერთ-ერთი დედის მაგალითი მოჰყავს, რომელიც შვილის ფოტოებს ინტერნეტში ავრცელებდა.

“კერძოდ, პირები, მეტროსა და ავტობუსებში მოწყალებას ითხოვდენ და სპეციალური ყუთებით გადაადგილდებოდნენ, რომლებზეც ბავშვების ფოტოები იყო დატანილი და მათი თქმით, ამ პატარებს სამეციდინო დახმარება ესაჭიროებოდათ, რაც სინამდვილეში სიცრუე იყო.

მაგალითად, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მონათხრობის მიხედვით, მან ასეთ ყუთზე საკუთარი შვილის ფოტო ამოიცნო, რომელიც Facebook-ზე თავად ჰქონდა ატვირთული”.

4. უნდა გავაფრთხილოთ ნათესავები, მეგობრები და სხვა პირები, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე, ბავშვის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში არ გაავრცელონ.
სპეციალისტის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თუ თავად ვერიდებით ბავშვის ფოტოების ატვირთვასა და მასზე ინფორმაციის გავრცელებას, ამას ჩვენი ახლობლები აკეთებენ, შესაბამისად, ჩვენ მიერ მიღებული პრევენციული ღონისძიებები აზრს კარგავს.

5. თუ სოციალურ ქსელში ჩვენი ბავშვის ფოტო რომელიმე გვერდმა ან ინტერნეტ-პორტალმა უნებართვოდ გამოაქვეყნა, შეგვიძლია, ამ კომპანიას მივმართოთ საჩივრით, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა (მაგალითად, Facebook-ს, Twitter-ს, Instagram-სა და Vimeo-ს).

დიმიტრი გუგუნავა გვირჩევს, რომ ასეთ ღონისძიებებს არ მოვერიდოთ, რადგან ეს კომპანიები თქვენს საჩივარს საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დააკმაყოფილებენ.

ბავშვების შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების ინტერნეტში გავრცელებით, ჩვენი შვილები გარდა მოძალადეებისა, შესაძლოა, ბულინგის მსხვერპლიც გახდნენ ან თავად შეექმნათ ფსიქოლოგიური პრობლემები, თუ საზოგადოება მათ შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მიიღებს. ამ თემას უცხოური გამოცემები, მაგალითად, The Guardian და Kids Health ვრცელ სტატიებსაც უძღვნიან, სადაც არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისკენ მოგვიწოდებენ და გვირჩევენ, რომ უწყინარი სტატუსით, რომელსაც სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ვიყენებთ, შვილი საფრთხეში არ ჩავაგდოთ.

 

მარიამ მენაბდიშვილი

http://www.allnews.ge/

Comments

comments