ორსულობის ცხრა თვე, სასიამოვნო ემოციების გარდა, ბევრ პრობლემასა და ხარჯთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო პროგრამა გარკვეულწილად აფინანსებს როგორც ორსულობას, ისე მშობიარობას. თუმცა, ორსულებსა და გინეკოლოგებთან საუბრისას ირკვევა, რომ ეს საკმარისი არაა.

თბილისის კერძო სამშობიაროებში ფიზიოლოგიური მშობიარობის საშუალო ფასი 800 ლარია, საკეისრო კვეთის კი – 1 000 ლარი. ჩაჩავას კლინიკა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამშობიარო სახლია და მომხმარებელს მომსახურების ფართო არჩევანსაც სთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, კერძო კლინიკებს შორის სწორედ ჩაჩავა სთავაზობს ყველაზე იაფ და ძვირ მომსახურებას ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე. ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი იწყება 550 ლარიდან და 3 050 ლარამდე ადის, საკეისრო კვეთის კი – 1030 ლარიდან იწყება და 3 870 ლარამდე ადის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფასები პალატის კეთილმოწყობასა და სხვა პირობებზეა დამოკიდებული.

საკეისრო კვეთა ყველაზე იაფი “იმედის კლინიკაშია”. “იმედის კლინიკის” ქალთა საკონსულტაციოში აღრიცხვაზე მყოფი ორსულებისთვის მომსახურების საფასური 870 ლარია, სხვა პაციენტებისთვის კი – 970 ლარი.

საქართველოში ექიმის წინასწარ აყვანა მიღებული პრაქტიკაა.

კლინიკების წამყვანი ექიმის აყვანა დაახლოებით 300 ლარი ღირს. სხვა რიგითი გინეკოლოგების შემთხვევაში კი გასახადი 200-230 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ორსულთა დიდი ნაწილი მშობიარობისას გაუტკივარებას იკეთებს. მომსახურების ღირებულება 150-250 ლარია.

ორსულთა მეთვალყურეობისა და მშობიარობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, საკეისრო კვეთა კი 800 ლარით ფინანსდება. სახელმწიფო არ ფარავს გაუტკივარებისა და ექიმის აყვანის ხარჯებს.

ეს ყველაფერი მხოლოდ მშობიარობის ხარჯებია. მანამდე კი არის ორსულობა, რაც ასევე გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა ორსული იღებს ვაუჩერს, რომელიც ორსულობის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებაში მეან-გინეკოლოგთან 4 ვიზიტს, ერთ ექოსკოპიურ გამოკვლევას და 15-მდე სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას გულისხმობს.

ექიმის უფასო კონსულტაციებითა და გამოკვლევებით ორსულმა სპეციალური ცხრილის შესაბამისად უნდა ისარგებლოს, დაგვიანების შემთხვევაში იგი უფასო მომსახურებას ვეღარ მიიღებს. კერძოდ, ვაუჩერით ექიმთან პირველი ვიზიტი უნდა შედგეს არა უგვიანეს ორსულობის მე-13 კვირისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება. ასევე, შესაბამის ვადებში უნდა შედგეს ვაუჩერით შემდგომი (მეორე, მესამე და მეოთხე) ვიზიტი.

რამდენად საკმარისია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურება მომავალი დედებისთვის? – გინეკოლოგებისა და ორსულების თქმით, სახელმწიფოს მიერ ორსულისთვის დაფინანსებული ვიზიტები და გამოკვლევები საკმარისი ნამდვილად არ არის.

ამიტომ ორსულებს დამატებით, სულ მცირე, რამდენიმე ასეული ლარის ხარჯის გაწევა უწევთ.

 

30 წლის მაიას ერთი შვილი ჰყავს. მისი თქმით, მიუხედავად უპრობლემო ორსულობისა მისთვის გინეკოლოგთან ოთხი ვიზიტი საკმარისი არ იყო.

“რამდენჯერმე მომიწია ექიმთან კონსულტაცია და ექოსკოპიის გაკეთება, ანალიზები კი საკმაოდ ბევრი დამჭირდა. საერთო ჯამში, მინიმუმ 600 ლარი მაინც დამჭირდა ორსულობის პერიოდში. თან მომსახურება საკმაოდ ძვირია. როცა საქმე ბავშვს ეხება, გინდა ყველაფერი სანდო და მარალხარისხიანი გაიკეთო. მაგალითად, ექოსკოპია 70 ლარი ღირს. ორსულობისას სამჯერ დამჭირდა გაკეთება,” – განმარტავს მაია.

დავით კობეშავიძე უმცროსი ამბობს, რომ ვაუჩერით გათვალისწინებული პროცედურები საკმარისია ნამდვილად არ არის.

“ჩვენ გვაქვს ორსულობის მართვის ჩვენი შინაგანაწესი, რომელიც შედარებით მეტ პროცედურას გულისხმობს, ვიდრე ეს ვაუჩერით არის გათვალისიწნებული. დღევანდელი ორსულისთვის ოთხი ვიზიტი გინეკოლოგთან ნამდვილად არ არის საკმარისი. ვაუჩერით გათვალისწინებულ კვლევებს ემატება კუაგულოგრამა, GBS, რამდენიმე ექოსკოპია და კიდევ რამდინიმე ანალიზი. საერთო ჯამში ორსულს დამატებითი ხარჯების გაწევა ნამდვილად უწევს,” – ამბობს კობეშავიძე.

საქართველოში ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამა პირველად 1995 წელს დაიწყო, მაშინ ორსულთა პატრონაჟსა და მშობიარობას სახელმწიფო აფინანსებდა, რაც ქვეყანში არსებულ მძიმე დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებას ისახავდა მიზნად. ორსულთა მეთვალყურეობა და მშობიარობა რამდენიმე წელია, რაც “დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის” სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება.

ნანა მღებრიშვილი

allnews.ge

Comments

comments