ტაქსის შეკვეთის სერვისის, Uber-ის დამფუძნებელმა ტრევის კალანიკმა, აქციონერების მხრიდან ზეწოლის გამო კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

“Uber-ი მსოფლიოში ყველაფერზე მეტად მიყვარს და ჩემი პირადი ცხოვრების ამ მძიმე მომენტში, ინვესტორების მოთხოვნას, ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ, დავემორჩილე, რათა კომპანიამ კვლავ შეძლოს იყოს ქმნადი და არ მოცდეს მორიგი ომის გამო”, – კალანიკის მიმართვას New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციის თანახმად, იგი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი კვლავ იქნება. ამერიკული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ კალანიკის გადადგომა, Uber-ის ხუთმა მსხვილმა ინვესტორმა ერთდროულად მოითხოვა.

ერთი კვირის წინ, კალანიკმა განაცხადა, რომ შვებულებაში გაურკვეველი დროით გადის, რაც დედამისის სიკვდილით ახსნა, რამაც, როგორც თავად აღნიშნავს, ბევრ რამეზე დააფიქრა.

ბოლო თვეების განმავლობაში კომპანია რიგი სკანდალების გამო დაზიანდა. მას ბრალს სდებდნენ მკაცრ კორპორატიულ კულტურაში, აგრეთვე იყო სასამართლო დავები კომპანია Alphabet-თან, რომელიც Uber-ს საავტომობილო ტექნოლოგიების მოპარვაში სდებდა ბრალს.

ipress.ge

Comments

comments