რა მდგომარეობაა თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე და რა ტიპის ბინებს ყიდულობენ დედაქალაქში ყველაზე ხშირად – AMBEBI.GE უძრავი ქონების ბაზრის ბოლოდროინდელი ტენდენციებით დაინტერესდა.

სპეციალისტების შეფასებით, ბაზარზე მეორად ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, ამან კი ბინის ფასებზე გავლენა მოახდინა და მისი ფასი შეამცირა.

როგორც უძრავი ქონების სააგენტო “კიბის” დამფუძნებელი ნელი გოგუაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, ზოგიერთ უბანში ბინის ფასი მცირედით შემცირდა.

“ზოგიერთ ბინაზე ცვლილება შეინიშნება. ახლა ძალიან ცოტა მყიდველია, ამიტომ როცა დაინახავენ, რომ მყიდველი რეალურია, ბინაზე ფასს აკლებენ. ზოგადი ტენდეცია კი ასეთია: მოთხოვნაა დაბალ ფასიან ბინებზე, ძალიან იშვიათად მაღალ ფასიანზე. საშუალო სეგმენტი დაკარგულია. ძირითადი მოთხოვნა ერთ ან ოროთახიან ბინებზე მოდის. მოთხოვნადი ბინების ფასები, დაახლოებით, 30 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს.

ქალაქში ძალიან ბევრი სამშენებლო კოპანიაა, რომლებიც სახლებს კარგი შეთავაზებით აშენებენ, ასევე გამარტივდა განვადება, მინიმალური თანხითა და გაწერილი გრაფიკით გადახდა. ამიტომ ალბათ მყიდველის 80 პროცენტმა ახალაშენებულ ბინებზე გადაინაცვლა. ძველ ბინებს კი ფასები დააკლდა. ზოგან 10-15 პროცენტიანი კლებაა”, – აცხადებს უძრავი ქონების აგენტი.

როგორც უძრავი ქონების ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას აცხადებს, ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე პასიური სიტუაციაა.

“საერთოდ რაღაც დონეზე ბაზარი ოდნავ პასიურია. თუმცა, სასტუმროების ბუმი ძალიან გააქტიურებულია. საქართველოში ტურისტული პოტენციალი ყოველ წელს იზრდება, შესაბამისად ძირითადი აქცენტი სასტუმრობზეა გაკეთებული. ახალ-ახალი ინვესტორები ჩნდებიან, რომლებიც ახალ სასტუმროებს აშენებენ.

რაც შეეხება ბინებს, მომავალში ცენტრალურ უბნებში ბინები, ყველა შემთხვევაში, გაძვირდება, რადგან ადგილები აღარ იშოვება. თუმცა, ძველი ბინები, მაგალითად, ვაკეში კარგად იყიდება. ძალიან ბევრი მყიდველია, ვინც კვ/მ-ში 800-1000 დოლარს იხდის.

ამასთან, კარგად ვითარდება გარეუბნები, მაგალითად, გლდანში მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბინებს ხალხი მიაწყდა, იქ დაბალი ფასებია 500 დოლარი ღირს და შესაბამისად ბევრი ბინა იყიდება. შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა გაიზარდა მეტროსთან მიმდებარე ტერიტორიებზე”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

რაც შეეხება უძრავი ქონების ლარში ფასდადებას, რომელიც 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში, ფალავანდიშვილის განცხადებით, ფასებზე არანაირად არ იმოქმედებს და იგივე სიტუაცია შენარჩუნდება.

ლიკა ამირაშვილი
AMBEBI.GE

 

Comments

comments