ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი პენსილვანიის უნივერსიტეტში კიბოს მკურნალობს უახლეს მეთოდებზე მუშაობს. პროექტი, რომელშიც 29 წლის ლევან ზანდარაშვილი მუშაობს, შეისწავლის დაზიანებული დნმ-ის გარემონტებაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას, სახელად PARP1. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს მკურნალობისას.

“ამ ცილის შესწავლა მეტად მნიშვნელოვანია როგორც კლინიკური, ისე ფუნდამენტური მეცნიერული თვალსაზრისით. დღესდღეობით გამოყენებაშია რამოდენიმე პატარა მოლეკულა, რომლებიც ახდენენ PARP1-ის ინჰიბიციას, რაც გამოიყენება სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობაში. მაგალითად, მკერდის კიბოს, პროსტატის კიბოს და ბევრ სხვა შემთხვევაში. ჩემს პროექტში მე შევისწავლი PARP1-ის სტრუქტურას და დინამიკას ისევე, როგორც მის ურთიერთქმედებას კიბოს მკურნალობაში გამოყენებულ მოლეკულებთან.

ჩემი მიზანია გავიგო თუ რატომ არის ამ მოლეკულების ნაწილი უფრო ეფექტურა სხვა მოლეკულებთან შედარებით. ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შეიძლება შევიმუშავოთ უფრო ეფექტური მოლეკულები, უფრო დაბალი ტოკსიკური ეფექტით,” – AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს ლევან ზანდარაშვილი.

ლევანმა, რომელიც ამჟამად პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მუშაობს, უმაღლესი განათლების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე დაიწყო.

“ბაკალავრიატში სწავლისას მუდმივად ვცდილობდი, არ შემოვსაზღვრულიყავი მხოლოდ ლექციებით და რაც შეიძლება, მეტი მესწავლა, მიმეღო მეტი ინფორმაცია ფიზიკის სხვადასხვა დარგის შესახებ. მე-2 კურზე დავიწყე სწავლა და მუშაობა კომპანია EMCoS-ში, სადაც მივიღე გამოცდილება, რომელიც დღემდე მადგება.

მე-4 კურსზე სწავლისას დავინტერესდი ბიოფიზიკით და დავიწყე პროფესორ თამაზ მძინარაშვილის ლაბორატორიაში ექსპერიმენტების კეთება. ამ დროს შემთხვევით გავარკვიე, რომ ტეხასის უნივერსიტეტში, გალვესტონში (UTMB) იყო 1 წლიანი ვაკანსია დამწყები ბიოფიზიკოსისთვის, სადაც დიპლომის აღების შემდეგ დავიწყე მუშაობა.

ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტე ამავე უნივერსიტეტში ჩამებარებინა დოქტორანტურაში ბიოფიზიკის პროგრამაში, პროფესორ ჯუნჯი ივაჰარას (Junji Iwahara) ლაბორატორიაში. პროფესორ ივაჰარას ლაბორატორიაში 4 წელი ვმუშაობდი ჩემს სადოქტორო ხარისხზე. ამ დროის განმავლობაში 4 სტატია გამოვაქვეყნე პირველი ავტორობით.

ხარისხის დაცვის შემდეგ გადავწყვიტე კიდე 2,5 წელი დავრჩენილიყავი სამუშაოდ იმავე ლაბორატორიაში, რომ ჩემი პროექტები დამესრულებინა. შედეგად კიდევ 11 სტატია გამოვაქვეყნე,” – ამბობს ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი ლევან ზანდარაშვილი.

მას ყველაზე დიდ მიღწევადაც სწორედ ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული ორი სტატია მიაჩნია. PNAS მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უმაღლესი დონის სამეცნიერო ჟურნალია.

UTMB-ში მუშაობის შემდეგ ლევანი მასს-სპექტრომეტრიის მეთოდით (Mass-Spectrometry) დაინტერესდა და გადაწყვიტა, ისეთ ლაბორატორიაში გადასულიყო სამუშაოდ, სადაც ამ მეთოდს უკეთ გაეცნობოდა.

“ძალიან დამაინტერესა პროფესორ ბენ ბლექის (Ben Black) ლაბორატორიიდან, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა. მეც დავუკავშირდი პროფესორ ბლექს და ვუთხარი, რომ მის ლაბორატორიაში მინდოდა მუშაობა. მან ინტერვიუზე მიმიწვია და 2016 წლის იანვრიდან სწორედ იქ ვმუშაობ” – გვეუბნება ქართველი მეცნიერი.

ლევანი ცხოვრების დიდ ნაწილს ლაბორატორიებში ატარებს, რადგან, როგორც ამბობს, “ექსპერიმენტს ვერ აუხსნი, რომ სამუშაო დღე დასრულდა და შენ სახლში წასვლა და დასვენება გინდა”. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მეცნიერი მაინც ახერხებს სხვა ინტერესების დაკმაყოფილებას. ცდილობს, ბევრი იმოგზაუროს და მეგობრებთან ერთად ბუნებაში ხშირად გავიდეს.

საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებას სამუშაოდ ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.

“სამწუხაროდ, ჩვენს პატარა ქვეყანაში არ გაგვაჩნია საჭირო რესურსები, რომ ისეთი სამეცნიერო პროექტები განვახორციელოთ, როგორსაც აქ ვატარებ.

მეცნიერება საკმაოდ დიდი ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ რესურსს საჭიროებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეცნიერებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ჩემი აზრით, საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა სწავლის მაღალი დონის შენარჩუნება. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ბიოფიზიკის ლაბორატორიაში მუშაობის ძალიან მცირე გამოცდილება მქონდა, მაგრამ კარგ თეორიულ ცოდნას ვფლობდი და პრაქტიკა მალე ავითვისე.

ინტერნეტში ძალიან დიდი საინფორმაციო/სამეცნიერო რესურსია და საჭიროა, რომ როგორც მასწავლებელმა/პროფესორმა, ისევე სტუდენტებმა ეს რესურსი ეფექტურად გამოიყენონ. ასევე, ვთვლი, რომ კარგი იქნება მეცნიერების ისეთ დარგებზე ფოკუსირება, რომლებსაც შედარებით ნაკლები რესურსი სჭირდება, ან უფრო დიდი ალბათობით შეეძლებათ უცხოეთიდან ან ინდუსტრიიდან საჭირო რესურსების მიღება. ამის კარგი მაგალითი კომპანია EMCoSია, სადაც მე სტუდენტობისას ვმუშაობდი. ეს სრულიად ქართული კომპანია მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავის დარგში,” – ამბობს ლევანი.

წარმატების მიუხედავად, ლევანისთვის უცხოეთში სწავლა და დასაქმება მარტივი არ ყოფილა. UTMB-ში სწავლისას დოქტურანტურის პროგრამაში სულ ორი ქართველი სტუდენტი იყო და ლევანის თქმით, მანამდე იქ ქართველ სტუდენტს არც უსწავლია.

“ორივე ბევრს ვშრომობდით, რომ ჩვენი სახელი დაგვემკვირდებინა. იყო ენითი ბარიერი და კულტურული შოკი ისევე, როგორც სხვა სირთულეებიც. ამ ყველაფრის მიუხედავად აშშ-ის ბევრ უნივერსიტეტში არის პროგრამები, სადაც ძლიერ უცხოელ სტუდენტებს აფინანსებენ. სწავლის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში კი დასაქმების საკმაოდ ბევრი ვარიანტია, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროებში,” – აღნიშნავს ზანდარაშვილი.

ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE

Comments

comments