“განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში” _ ასე ახასიათებს ჟურნალ  Vogue 20 წლის მარიშა ურუშაძეს, რომელიც ამავე ჟურნალის გამოკითხვის ხუთ რჩეულ ქართველ მოდელ შორის მოხვდა.

სამოდელო სააგენტოს Look Models-ის მოდელი მარიშა ურუშაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათიდანაა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მან უკვე  იმუშავა ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა GIVENCHY, ELLE, MARGIELA, DIESEL.

მარიშა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სამოდელო სააგენტოს Hollywood Model Management-ის რჩეული გახდა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.

წარმატებული გურული მოდელით ჰოლივუდი უკვე დაინტერესდა.

მარიშა სამოდელო კარიერის პარალელურად განათლებასაც დიდი დროს უთმობს _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი  ხუთ ენას ფლობს და სწავლის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს.

გურიაზე ემოციის გარეშე ვერ საუბრობს და წუხს, რომ დატვირთული რეჟიმის გამო, ხშირად ვერ ჩამოდის.

_ ყოველთვის ვცდილობდი ზაფხული მამათში გამეტარებინა. მიყვარს ჩემი სოფელი, ჩვენი ეზო, მდინარე სუფსა, ბახმაროს მთები, რომელიც ჩვენი სახლიდან ძალიან ლამაზად გამოიყურება. პატარაობისას ხშირად დავდიოდი.

ახლა, ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ზაფხულობით შეზღუდული ვარ. მახსოვს, როცა ყაზახეთში ვცხოვრობდით და მამათში 4-5 წლის ჩავყავდი ჩემს მშობლებს. ქართული არ ვიცოდი. დილით 5-6 საათზე ვდგებოდი, როცა ყველას ეძინა (ყაზახეთი 3 საათით წინ არის) და მეზობლების საქათმეებში დავდიოდი წიწილების სანახავად. ქათმების კრიახზე მთელი კუთხე იღვიძებდა. როცა მე მნახულობდნენ საქათმეში, იცინოდნენ და ხალისობდნენ…

ყველგან ვამბობ, რომ ვარ გურული და ლანჩხუთელი, მე ეს მეამაყება. ეს გრძნობა მამაჩემმა ალმაათაში ჩამინერგა. სულ მიყვებოდა ცნობილ ლანჩხუთელებზე, ნათესავებზე, ფეხბურთზე… ასე რომ, ლანჩხუთის შესახებ ბევრი რამ ვიცი და მაინტერესებს.

ამიტომაც, ბიძაჩემის ეზოში, გრიგოლეთში კოტეჯის აშენება გადავწყვიტე, რომელიც მალე დამთავრდება. მიყვარს გრიგოლეთის ზღვა. ცოტა ხანში მეგობრებთან ერთად ჩემს საკუთარ კოტეჯში დავისვენებ. ასევე პატარა სახლი მინდა ავაშენო მამათში, _ ამბობს მარიშა დაწარმატებლი კარიერის გზას იხსენებს:

14 წლის ვიყავი, როცა მამიდაჩემმა მიმიყვანა ყველაზე წამყვან სამოდელო სააგენტოში. ერთი წლის შემდეგ პარიზში გამიშვეს კასტინგებზე, სადაც მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერებმა მნახეს. მას შემდეგ თითქმის 6 წელია დავდივარ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და ვმონაწილეობ მაღალი მოდის ჩვენებებში, სარეკლამო კლიპებში.

თავს არ ვზოგავ, რომ ვიყო წარმატებული და მქონდეს ხშირი მიწვევები, რაც საკმაოდ კარგად აისახება კიდეც ჩემს შემოსავლებზე, _ აღნიშნავს მარიშა, რომელსაც გეგმები ბიზნესის მიმართულებითაც აქვს, რომელიც გურიას უკავშირდება.

http://www.gurianews.com

Comments

comments