ბოლო პერიოდში, “რუსთავი 2”-ში არსებული ფინანსური კრიზისის და სხვა პრობლემების გამო ტელეკომპანია რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, დაიხურა გადაცემები, შემცირდა თანამშრომლების რაოდენობა.

დღეს კი კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რუსთავი 2”-ს ტელეკომპანიის ყველაზე რეიტინგული მეგაშოუების – “ნიჭიერის”, “X ფაქტორის”, “საქართველოს ვარსკვლავის”, “ბრავოს” და სხვა პროექტების შემქმნელები – გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე ტოვებენ, რომლებიც ტელეკომპანიაში თითქმის დაფუძნების დღიდან მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე “რუსთავი 2”-ზე “X ფაქტორის” მეოთხე სეზონი მიმდინარეობს და მალე სრულდება, ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს გუნდისთვის ბოლო შოუ იყოს “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაბურზანიასა და ჯაფარიძეს “რუსთავი 2”-ის მთავარი კონკურენტის, “იმედის” გუნდში ვიხილავთ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “რუსთავიდან” “იმედზე” რამდენიმე ცნობილი სახე გადავიდა, მათ შორის სპორტული კომენტატორი დიმა ობოლაძე, ჟურნალისტი ნატა მახვილაძე, ასევე გაყიდვების სამსახურის უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი.

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით პროდიუსერ გიორგი ხაბურძანიას, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში არ უპასუხა ჩვენს ზარებს.

ასევე დავუკავშირდით “იმედის” გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს კონსტანტინე ბათმანიდს, რომელიც “იმედში” “რუსთავი 2”-დან ოთხი თვის წინ გადავიდა. ბათმანიდი სწორედ  ხაბურზანიასა და ჯაფარიძესთან ერთად ერთ  გუნდში მუშაობდა წლების მანძილზე.

– ბატონო კოტე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე გუნდთან ერთად “იმედზე” აპირებენ გადმოსვლას, მიდის ამ საკითხზე მოლაპარაკებები?
– “იმედი” არის ნომერ პირველი ტელევიზია, შესაბამისად, ბევრ ადამიანს სურს ჩვენთან თანამშრომლობა. რაც შეეხება გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს, კადრების საკითხი მე არ მეხება. შესაძლოა მიდის კიდეც მათთან მოლაპარაკება, რომელიც შემდეგ სპეციალურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ ამ საკითხზე სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

 

Comments

comments