“იქს ფაქტორის” გამარჯვებული ორშაბათს გამოვლინდება. მაყურებელს საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადგან ერთმანეთის პირისპირ ისეთი ძლიერი კონკურსანტები დგანან, როგორებიც არიან გრიგოლ ყიფშიძე, სანდრო კურცხალიძე და ჯგუფი “მიქსტურა”. გასული ლაივ-კონცერტი, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა გიორგი გაბუნიასთვის. ის პროექტში აქამდე საკუთარი გუნდის ორივე წევრით მოვიდა, თამარ ედილაშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ მაყურებელს და მენტორებსაც საკუთარი ნიჭიერებით დაამახსოვრეს თავი, თუმცა პროექტის მკაცრი წესებისა და მაყურებლის პასიურობის გამო, წინა კონცერტზე ორივე აუტსაიდერებში აღმოჩნდა. გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, გიორგი გაბუნიამ საკუთარი გუნდის წევრებზე არჩევანი ვერ გააკეთა, უფრო მეტიც, ის ფილარმონიაში ატირდა და მისი დამშვიდება სოფო ნიჟარაძემ სცადა. საბოლოოდ, პროექტს თამარ ედილაშვილი გამოეთიშა.

შეგახსენებთ, როდესაც “იქს ფაქტორში” კატეგორიები გადანაწილდა, გიორგი გაბუნია ბავშვების კატეგორიის ჩაბარებას პესიმისტურად შეხვდა, თუმცა გაუმართლა. Ambebi.ge გიორგი გაბუნიას ესაუბრა:

– თავიდან, როცა ბავშვების კატეგორია შემხვდა, არ მესიამოვნა, ვიფიქრე ჩვეულებრივად ვივლი რეპეტიციებზე, ისინი მალე დატოვებენ პროექტს და როგორც სტუმარი მენტორი, ისე დავრჩები პროექტში-თქო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ამ ბავშვებმა თავი ძალიან შემაყვარეს… ჯერ თავისი ნიჭიერებით მომხიბლეს, გაოცებული ვიყავი მათი მონაცემებით, ნამდვილი ვუნდერკინდები არიან. ამიტომ მათთან მუშაობა თანდათან საინტერესო გახდა, ყველგან ერთად ვიყავით, ერთად ვჭამდით კიდეც და სამოსსაც ერთად ვარჩევდით. ეს მაყურებელსაც არ დარჩა შეუმჩნეველი, ისინი ძალიან სუფთად მღერიან და ნამდვილი პროფესიონალები არიან. ამიტომაც მოვედით ნახევარფინალამდე ასეთი წარმატებით. მაყურებელი ვერ ხედავს როგორ ნერვიულობენ ისინი სცენაზე, როცა თამარი აუტსაიდერებში მოხვდა, შოკიდან ვერ გამოვიდა, წაშლილი იყო და მასთან ერთად ვნერვიულობდი მეც, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ხომ ამ პროექტის მკაცრი წესებია? ისე შემიყვარდა ეს ბავშვები, ვფიქრობ ეს მე არ ვარ.

– იფიქრებდით, რომ ორივე ერთად მოხვდებოდა აუტსაიდერებში?
– კოშმარივით მქონდა ეს ყველაფერი წარმოდგენილი. აქამდე ისე მოვედით, ვერ ვეგუებოდი ამ კოშმარს. რადგან ჩვენ ყველგან

ერთად ვიყავით და აუტსაიდერებშიც ერთად რომ მოხვდნენ, ეს იყო ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ისეთი გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, როცა მშობელს აიძულებენ ორი შვილიდან ერთი აირჩიოს და მე ეს არჩევანი ვერ გავაკეთე. ათჯერ რომ დავდგე იგივე არჩევანის წინაშე, იგივეს გავაკეთებ. მე ვერც მივიღე და არც მივიღებდი გადაწყვეტილებას, ამიტომ ჩემს კოლეგებს მივანდე ეს უმძიმესი საქმე და თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი.

– რა იმედებს ამყარებთ გრიგოლ ყიფშიძეზე?
– დიდ იმედებს ვამყარებ გრიგოლზე და ვიცი, ის ამ იმედებს გამიმართლებს. თუმცა, ახლა მენტორები ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, რადგან ყველაფერი მაყურებლის ზარებზეა დამოკიდებული. გრიგოლს თაყვანისმცემლების უდიდესი არმია ჰყავს. მის ნიჭიერებას ყველა გრძნობს და ხვდება. ასე იყო თამარის შემთხვევაშიც, მაგრამ სამწუხაროდ, არ იაქტიურა მაყურებელმა და ისინი აუტსაიდერებში მოხვდნენ. თამარმა კი პროექტი დატოვა. ეს ყველაფერი ალბათ ნიშანი იქნება მაყურებლისთვის და ის საკუთარ მხარდაჭერას სატელეფონო ზარებით გამოხატავს. თამარი ვერ გადავარჩინეთ და ახლა პატარა გრიგოლს სჭირდება ხალხის დახმარება. ის ლიდერია და მაყურებელს მოვუწოდებ, იაქტიუროს.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge

Comments

comments