მხატვარი მიშა ბერძენიშვილი დაიბადა თბილისში,  სწავლობდა 161-ე საშუალო სკოლაში, შემდეგ   ჩააბარა ა. ქუთათელაძის სახლობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დაამთავრა დიზაინის ფაკულტეტი.

გამოფენები

2014 – პერსონალური გამოფენა “ვანდა გალერეა”
2013 – ჯგუფური გამოფენა ფესტივალი “Inter Art Batumi”
2010 – პერსონალური გამოფენა “ბაია გალერეა”
2003 – პერსონალური გამოფენა “ძველი გალერეა ”
1994 – 2000 სხვ და სხვა ჯგუფური გამოფენები.

 

 

– ხატვის ნიჭი როდის აღმოაჩინეთ და რა ეტაპები განვლეთ აკადემიაში ჩაბარებამდე?

ხატვის ნიჭი ბავშობიდან მქონდა, ჩემი ბაბუა დიმიტრი ბერძენიშვილი გახლდათ მხატვარი და ეტყობა მისგან მერგო ეს ნიჭიც .
სანამ აკადემიაში მოვხდებოდი ბევრი ეტაპი გავიარე. ჯერ პროფკავშირების კულტურის სასახლეში დადვოდი ხატვის წრეზე, მაშინ იყო ამდაგვარი წრეები. შემდეგ ბატონ ოთარ არჩვაძესთან სახელოსნოში გავიარე პირველადი საფუძვლები და ანი-ბანი იქ ვისწავლე. შემდეგ, უკვე ყარამან ქუთათელაძესთან და გია გორდეზიანთან სახელოსნოში საფუძვლიანი სწავლების შემდეგ, სადაც ვთლი რომ ყველაზე მეტი მივიღე, როგორც გამოცდილების მხრივ, ისე პროფესიული თვალსაზრისით, ჩავაბარე აკადემიაში, მას მერე უკვე საკუთარ კედლებში და ფიქრებში დარჩენილი ვმუშაობ დღემდე.

-თქვენი საყვარელი მხატვრები და თუ ფიქრობთ რომ რომელიმე მათგანმა თქვენს შემოქმედებაზე იმოქმედა?

სტუდენტობის ჟამს მომწონდა სალვადორ დალი, მისი ტექნიკა და გამაოგნებელი კომპოზიციები, სადაც ერთ კომპოზიციასში მეროე ჩანდა იმ ერთისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ ორივე ერთად ერთ დიდ საერთო სურათს ქმნიდა. შემდგომ დროთა განმავლობაში იცვლებოდა შეხედულებებიც და რა თქმა უნდა მხატვრებიც. ამჟამად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული მხატვარი გამორჩეულად მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ ჩემს ამჟამინდელ განწყობასთან, ალბათ, მოდილიანი უფრო ახლოსაა – ეს რაც განწყობას შეეხება, ძალიან მომწონს მისი ნახატები, ხოლო რაც შეეხება თვითონ ჩემს სტილს , არ ვიცი ვფიქრობ, რომ ეს უფრო ჩემია პირადი.

-ხშირად ახალგაზრდები , რომელთაც ხატვის ნიჭი აქვთ სხვა პროფესიას ირჩევენ, რადგან ფიქრობენ,რომ ეს პროფესია საქართველოში დაფასებული არ არის და ყოფიერებისთვის საჭირო შემოსავალს არ იძლევა, თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ, რამდენად რთულია საქართველოში მხატვარმა თავისი პროფესიით ირჩინოს თავი?

ძალიან რთულია, მე ამ კუთხით ცოტა გამიმართლა, რადგან მაინც ჩემი სპეციალობით ვმუშაობ მხატვარ დიზაინერი ვარ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში და იქ რასაც ვაკეთებ ახლოს არის ჩემს ძირითად საქმესთან, მაგრამ ზოგადად ძალიან რთულია დღეს საქართველოში მხატვრობით ირჩინო თავი. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ის გარემოც, რაც დღეს სუფევს ამ ყველაფერს ხელს უწყობს, მაგალითდ ძალიან რთულია გამოფენის მოწყობა, ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, რომლისთვისაც სპონსორის პოვნა რთულია, დღეს სადმე რაიმე ჯიხური რომ დადგა სადაც ჰოთ- დოგს გაყიდი ამას უფრო დაგიფინანსებენ, ვიდრე გამოფენის ხარჯებს, ამიტომ, თვითრეალიზაციისთვის მე პირადად საკუთარ ხერხებს და გზებს ვიყენებ.

-ვინ ყიდულობს ძირითადად ნახატებს, ქართველები თუ უცხოელები?

ორივე, ქართველიც და უცხოელიც, მაგრამ უფრო მეტად ქართველები ყიდულობენ ხოლმე, არის ხოლმე პერიოდები, როდესაც არც არავინ არ ყიდულობს ხოლმე .
-შეგიძლათ მშობლებს მისცეთ რჩევა, ვინც აღმოაჩენს თავის შვილში ხატვის ნიჭს, როგორ განავითარონ , რადგან რაც არ ვითარდება კვდება და საჭიროა , სწავლაც, განათლებაც და შრომაც. რა ეტაპები გავლონ, დღეს თუ არსებობს სამხტარო კოლეჯები,სასწავლებლები, სად შეიძლება მიიღონ აკადემიამდელი განათლება?
სამწუხაროდ, აკადემიური განათლების მიღება დღეს რთულია, ფაქტიურად შეუძლებელიც, რადგან ამის ძალიან მცირე რესურსებია დღეს, მაგრამ საკუთარ თავზე ბევრი მუშაობით შესაძლებელია სასურველი განათლების მიღება. რაც შეეხება რჩევას, მშობლებს ვურჩევდი რომ არ შეუშალონ ხელი თუკი თავიანთ შვილებში თუნდაც მცირეოდენ ნიჭს აღმოაჩენენ, რადგან პატარა მარცვვლისგან დიდი ნაყოფის მიღება შეიძლება, რომელიც სხვა პატარა მარცვლებს მოგვცემს. სკოლებს დავამატებდი იმას რომ არის, რათქმაინდა,  სხვა და სხვა სამხატვრო სტუდიები, სადაც საწყის ეტაპს და ძირითად საფუძვლებს ასწავლიან, მაგრამ ეს აკადემური სწავლება მაინც არაა.
 
-დავუბრუნდეთ ისევ თქვენს ნამუშევრებს, დავათვალიერე თქვენი ნამუშევრები და შთაბეჭდილება დამრჩა რომ ზღაპრებს გავს, თითქოს ზღაპრის სამყაროა, თქვენ როგორ შეფასებდით თქვენს ნამუშევრებს და აქვს თუ არა ზღაპრებს გავლენა თქვენს შემოქმედებაზე. p.s (მკითხველისთვის) ზღაპარში არ იგულისხმება საბავშვო მოთხრობა, ის ფილოსოფიური გაგებაა, ამიტომ მის გაგებას თუ ფილოსოფიურად მივუდგებით უფრო მეტს დავინახავთ
რა თქმა უნდა, არის კი, ჩემს ნამუშევრებში ბევრია ზღაპრის თემატიკა ბოლო ნამუშევარიც ერთ-ერთი ზღაპრის ეპიზოდია, ვფიქრობ, რომ ზღაპარი ეს ფილოსოფიაა და სწორად უნდა ამის დანახვა, თუმცა ამ ფილოსოფიას ყველა ვინც თვლის რომ ეს ასეა სხვადსხვა ნაირად აღიქვამს და ეს ერთის მხრივ საინტერესოცაა. ჩემ ნამუშევრებში ძირითადად ზღაპრის და რელიგიური თემებია და ასევე ცხოველები
-თქვენი სამუშაო გარემო როგორია? გაქვთ სახელოსნო?
სახელოსნო მაქვს სახლში, სახლში ვმუშაობ, მაქვს ჩემი კუთხე, სადაც ვხატავ და ასე ვსაუბრობ ჩემს პერსონაჟებთან ერთად.
-და რომელია თქვენი საყვარელი ზღაპარი, ზღაპრის გმირი?
გმირი, როგორც ესეთი გამოყოფილი არ მყავს რომ ავიღო ვინმე კონკრეტული, ხოლო რაც შეეხება ზღაპარს ეს არი ვაჟა ფშაველას მოთხრობა „როგორ გაჩნდენ ბუები ქვეყანაზე“ ამ მოთხრობის პატარა მინიატურული წიგნიგნიც კი გავაკეთე, ბოლო ნამუშევარიც ამ მოთხრობის ერთ-ერთი ეპიზოდია
 -ნახატის გაჩუქებაზე რას ფიქრობთ, ალბათ, ხშირად უთქვამთ-ერთი ნახატი დამიხატე რა, ერთი მაჩუქე რა…
ხშირად გამიჩუქებია. სიმართლე გითხრათ მირჩევნია იყიდონ
მაგრამ მიჩუქებია ბევრი და ამას პირიქით სიხარულით ვაკეთებ. თუმცა, ვჩუქნი მას ვისაც ვთვლი რომ ჭირდება და მართლა უნდა რომ ვაჩუქო
-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
გეგმები ასე ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული არ მაქვს. ვცდილობ ბევრი ვიმუშავო და შემდგომ გამოფენა მოვაწყო. ვისურვებდი სადმე სხვაგან სხვა ქვეყანაში, თუმცა აქაც სიამოვნებით, თუ სპონსორი ან რაიმე სახსრები გამოჩნდებოდა.

Comments

comments