ბრენდ „Nassimoto“-ს დიზაინერი თორნიკე მანჯავიძე ზაფხულობით, ძირითადად, საცურო კოსტიუმებს ქმნის, ზამთარში კი სრულფასოვან კოლექციებს. უკმაყოფილოა ქართველი ქალბატონების სხეულის ფორმებით, ამიტომაც ხშირად მუშაობს მოსკოვსა და კიევში. კოლექციებს უკვეთავენ „ინსტაგრამის“ მეშვეობით და შემდეგ საქართველოდან აგზავნის საკუთარ ნამუშევრებს.

ახლახან რამდენიმე ცნობილმა სახემ, მათ შორის, ქეთა თოფურიამ მისი მბზინავი საცურაო კოსტიუმი მოირგეს. თორნიკეს საცურაო კოსტიუმების შესახებ ვესაუბრეთ – რას ქმნის თავად და როგორია მსოფლიო ტენდენციები ამ მხრივ.

თორნიკე მანჯავიძე:

მე პირადად მსოფლიო ტენდენციებს ნაკლებად ვცნობ და მივყვები, ყოველთვის მირჩევნია შევქმნა ის, რაც თავად მიმაჩნია სწორად. მომხმარებელზე ვერ ორიენტირებული. ჩემი არჩევანია ასეთი მოდელები. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ნამუშევრებით ტენდენციებს ვპასუხობ (იღიმის).

ჩემი საცურაო კოსტიუმები 70% ბუნებრივი ნაჭრისგან იკერება, ეს არის წელვადი ნაჭერი, რომელსაც ბუნებრივ სარჩულს ვაკერებთ შიგნით. საცურაო კოსტიუმისთვის განკუთვნილი ნაჭრებია.

ქართველი მომხმარებლის 90%-ს აქვს ფორმების პრობლემა. ჩემს მიმოწერებში რომ ჩაიხედოთ ჩემს მომხმარებლებთან, ამაში აუცილებლად დარწმუნდებით. ძირითადი პრობლემა მკერდის უქონლობაა, ამას ემატება მუცლის პრობლემა. ქართველ გოგონებს არ აქვთ მუცლის პრესი. ასეთ მომდგარ და წელვად ნაჭერში ეს აუცილებლად ჩანს, ამიტომაც მიწევს რაღაცების ჩამატება, რომ სილუეტი არ დაირღვეს, მაგალითად, მუცლის ადგილას რეზინს ვუდგამ ხოლმე. მოკლედ, შიდა სამზარეულოში დიდი ამბებია, მაგრამ გარედან არ ჩანს. ზოგი შედარებით დახურულ ტრუსის ფორმას ანიჭებს უპირატესობას, ზოგიც – ღიას, გააჩნია სხეულის ფორმას.

თქვენს საცურაო კოსტიუმებს ე.წ. „ფუშ -აფ“ ლიფი არ აქვს?

ზოგ შემთხვევაში ვაკეთებ. მაგალითად, როცა შეკვეთას მაძლევს გოგონა, რომელიც არცთუ მაღალია, არის იმაზე 10 კილოთი მეტი, ვიდრე უნდა იყოს და ამ დროს სურს, სექსუალურად გამოიყურებოდეს, თანაც, არ აქვს მკერდი. ასეთ დროს „ფუშ-აფი“ აუცილებელია და მას ვდგამ. ქეთა თოფურიას არ გავუკეთე „ფუშ-აფი“, ალბათ მიხვდებით, რატომ – მას ეს არ სჭირდება. ვისაც პატარა მკერდი აქვს, მისთვის ვაკეთებ ამას, რომ მაინცდამაინც დაღონებული არ იყოს, აუზზე რომ გავა (იღიმის).

მოკლედ, ქართველი ქალებით არც ისე კმაყოფილი ხართ…

(იღიმის) თითქმის მთელი ჩემი სამეგობრო ფიტნესტრენერები არიან და მათთან არ მაქვს ეს პრობლემა, ზოგადად, მომხმარებელზე ვსაუბრობ, ამიტომაც ვმუშაობ ძირითადად მოსკოვსა და კიევში. ახლა „ინსტაგრამის“ საშუალებით ძალიან გამარტივდა ბიზნესის კეთება. ერთი მოდელიც რომ დადო, შესაძლოა, საინტერესო კონცეპტუალური მაღაზია გამოგეხმაუროს. მე ვმუშაობ ბაიერებთან და კონცეპტუალურ მაღაზიებთან, ისინი მიკვეთავენ კოლექციებს, მე ვაგზავნი. სეზონიდან გამომდინარე ზაფხულობით საცურაო კოსტიუმებს ვქმნი და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ქართველ დიზაინერებს შორის ყველას მე ვასწრებ და თანაც, ბევრი არ მუშაობს ამ მიმართულებით, ზამთარში კი სრულ კოლექციებს.

მაინც გკითხავთ მსოფლიო ტენდენციებზე სავცურაო კოსტიუმებთან დაკავშირებით…

რასაკვირველია, თვალს ვადევნებ. მოდურია მთლიანი საცურაო კოსტიუმები, 80-იანი წლების მოდელები დაბრუნდა, ვინტაჟური ფორმებით.

ნინო მურღულია

fortuna.ge

Comments

comments