ის ის იყო, ტელევიზიიდან ჩემი წასვლის შესახებ “სითის” სარედაქტორო დავწერე და სეზონის ბოლო გადაცემის მშვიდად დაგეგმვას შევუდექი, რომ აურზაური ატყდა; მირეკავდნენ, მწერდნენ, კითხულობდნენ. მივხვდი, რომ ასე არ გამოვიდოდა. ძველი სარედაქტორო უკან დავაბრუნე და ახლის წერას შევუდექი.

ერთი მთავარი ამბისთვის უნდა მომეფინა ნათელი და გამეცა პასუხი: რამდენად შესაძლებელია გადაცემის დასრულებისა და ტელევიზიიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება შენ თვითონ მიიღო? “მოიცა, გამოგიშვეს?”, “გამაგრდი, შენთან ვართ”, “ალბათ, მაია ასათიანი მართლა გადმოდის “იმედზე” და ეკას ეწყინა და წავიდა”(!!!), “ფული აღარ იყო და ვეღარ დაფინანსდებოდა”… ჯვარი მწერია და ცოტათი პანაშვიდსაც კი წააგავდა ყველაფერი და უცებ დავიბენი. მეგონა ის, რაც ჩემში დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მწიფდებოდა და იხარშებოდა, თქვენც იცოდით, მეგონა, სულ გიზიარებდით და იტყოდით, ჰო, აბა რა, მართალი ხარ, შენ ხომ სულ გვეუბნებოდიო. დედაჩემმა იცის ხოლმე თქმა, შენ შენთვის რაღაცას ფიქრობ, ან წარმოიდგენ და გგონია, რომ სხვებმაც ასე იციან და ხშირ შემთხვევაში ასე არააო. ჰო, არაა ასე.

მოკლედ, ამბავი ასე უნდა დავიწყოთ: 9 ივლისს 45 წლის გავხდი და საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე: ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე, ეტაპი ტელევიზიის გარეშე, ტელევიზიის, მაგრამ არა ჟურნალისტიკის გარეშე. სპონტანურად ცხოვრებაში არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, ასე იყო პოლიტიკური ჟურნალისტიკის დასრულების ეტაპზეც. მას მერე ბევრჯერ იყო შემოთავაზება პოლიტიკურ ჟურნალისტიკას დავბრუნებოდი (მათ შორის, ამ სამიოდე თვის წინ “იმედზეც”), იყო ფიქრი, იყო ცდუნებაც კი, მაგრამ ვერ დავუბრუნდი. მინდოდა, ის გადაცემები, რომლებიც ჩემი და, იმედი მაქვს, თქვენი აზრითაც, კარგად გამომდიოდა, დამეტოვებინა ისეთებად, როგორებიც იყო. შესაძლოა, მეშინოდა, რომ ისევე კარგად არ გამომივიდოდა და, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკა აღარც მაინტერესებდა.
მას მერე, ბოლო 10 წელი, სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროექტს ვაკეთებდი და მათი საერთო დახასიათება ასეთია: ეკა ხოფერიას გადაცემა. თავიდან მიჭირდა, ცოტა მივედ-მოვედებოდი, ხან პირდაპირ ეთერში გავდიოდი, ხან ჩანაწერით, ხან საინტერესო გამოდიოდა, ხანაც – ნაკლებად. თუმცა ერთი რამ იყო ჩემთვის პრინციპული: ჩემებური გადაცემა უნდა ყოფილიყო და, პირველ რიგში, თავი უნდა დამერწმუნებინა, რომ ციფრებს (ჩვენებურად კი, რეიტინგს) ასეთი გადაცემებიც დაწერდა. დაწერა კიდეც.

დაწერა ისეთმა თემებმაც კი, რომლებისგანაც არც მე და არც ჩემი ტელებოსები არ ელოდებოდნენ. ჩავწერე თითქმის ყველა ის რესპონდენტი, რომლებიც მაინტერესებდა; მოვიარე ის ადგილები საქართველოსა თუ მსოფლიოში, რომლებიც, ვფიქრობდი, თქვენთვის საინტერესო იქნებოდა; ვნახე და ჩავწერე ცოცხალი ალენ დელონი და სოფი ლორენი; ჩავაკითხე რომში ჩემს ძველ მეგობარს მამა იოანეს; ვესტუმრე ჭყონდიდში მეუფე პეტრეს და ჩავწერე ინტერვიუ პატრიარქთან, რომელიც მენდო და გადაცემა ჩემებურად გამაკეთებინა. ვნახე ერთ დღეში თქვენ მიერ გაკეთებული სიკეთე პირდაპირ ეთერში, როდესაც წყალდიდობით დაზარალებულთათვის 3 საათში მილიონზე მეტი შევაგროვეთ; გავიცანი ჩვენი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში; თქვენი დახმარებით წარმატებით ჩავატარე მარათონები “დიტო ცინცაძის ფონდისა” და ნინო სურგულაძის “ნატვრის ხისთვის”; მოგიყევით ელისო ბოლქვაძის ძალიან მაგარი ბათუმური ფესტივალების შესახებ; ჩავწერე მაია ფანჯიკიძის ჩემთვის მნიშვნელოვანი ინტერვიუ და ახლაც, ბოლო გადაცემაში, კანარის კუნძულებიდან დაგემშვიდობებით.

გადავწყვიტე, რომ აქ გავჩერდე, გავჩერდე კარგ ციფრებსა და კარგ თემებზე. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს ამოწურულია. ამოწურულია ჩემთვის. ერთისა და იმავეს ტკეპნა რომ დამეწყო და თქვენგან პირდაპირი თუ ირიბი გულისწყრომა მეგრძნო, მაგრად ვინერვიულებდი. გადავწყვიტე და შევხვდი იმედის გენერალურ დირექტორს. გადაწყვეტილება გაუკვირდა, მაგრამ მომისმინა. ახლის დაწყება და მოფიქრებაც შემომთავაზა, მაგრამ კიდევ ვილაპარაკეთ და დამეთანხმა. ერთად სხვა გადაცემებზეც ვიფიქრეთ, ისეთებზე, რომლებსაც შეეძლო ჩაენაცვლებინა ჩემი საყვარელი ოთხშაბათი საღამოს ათზე. ამ ძიებასა და ამ გზაზე ჩემს ტელეკომპანიასა და კოლეგებს ყოველთვის გვერდში დავუდგები და ვუგულშემატკივრებ.


გამიჭირდება?
 ალბათ.


მომენატრება?
 აუცილებლად!


ვინ
 მომენატრება? მაყურებელი!


ვინ
 დამაკლდება? ჩემი ყველაზე მაგარი გუნდი, გუნდი, რომელიც მართლა ჩემს ხელში გაიზარდა და ნებისმიერი ტელევიზიის ყველაზე რთულ გამოწვევებს უპასუხებს. მადლობა მათ იმისთვის, რომ აკეთებდნენ პროექტს – “ეკა ხოფერიას თოქ-შოუ”.
რატომ მივდივარ? ეს ეტაპი დასრულდა.
სად მივდივარ? ვრჩები მედიაბიზნესში, ბეჭდურ მედიაში, სადაც დიდი და გრანდიოზული გეგმები მაქვს. იქ, სადაც უამრავი ახალი პროექტის გაკეთება მაქვს განზრახული, ნაწილიც – უკვე დაწყებული. იქ, სადაც ჩვენ, ბეჭდური მედიის წარმომადგენლებმა, კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ ხმები ჟურნალ-გაზეთების გარდაცვალების შესახებ ძალზე გადაჭარბებულია და ჩვენ, ყველანი ერთად, კიდევ უფრო მეტად მოვძლიერდებით. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.


ციფრები?
 ციფრები იქნება! ცხოვრების ამ ეტაპზე ორი მთავარი ციფრია: 45 წელი, როდესაც ჩემთვის ცოტათი ახალს – მედიაბიზნესს ვეჭიდები და ციფრი უკვე ტირაჟგაზრდილი `სითის~ თუ ახალი გამოცემების.


დავბრუნდები?
 ჯერ არ ვიცი. მოსაფიქრებლად საკუთარ თავს ერთწლიანი ვადა მივეცი, მხოლოდ ჩემებს არ უთხრათ, ოჯახში ყიჟინა დასცეს, ეკა დაგვიბრუნდაო!


პატივისცემით, “
სითის” მთავარი რედაქტორი


ეკა
 ხოფერია


ფოტო:
 კახა შარტავა

http://www.citymagazine.ge

Comments

comments