ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვები  დღის განმავლობაში საშუალოდ 7 საათს ატარებენ ტელევიზორთან, კომპიუტერთან, სმარტფონთან ან სხვა ელექტრონულ გაჯეტთან. რამდენად მიზანშეწონილია სკოლამდელი ასაკის ბავშვების მსგავს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და როგორ უნდა დანერგოს მშობელმა ერთგვარი “ელექტრონული დიეტა”? – “ნეტგაზეთის” შეკითხვებს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გაგოშიძე პასუხობს:

ჩემთვის მშობლებს უთქვამთ, რომ 7-8 თვის ასაკის ბავშვები უკვე ურთიერთობენ აიპედებთან. ერთი მხრივ, ეს ცუდი არ არის, ხომ? – ტექნოლოგიური მიღწევაა, ბავშვები ვითარდებიან, ბევრ რაღაცას სწავლობენ, თითქოს რატომ უნდა იყოს ცუდი, ხომ? მაგრამ თუ ჩვენ განვითარების პოზიციიდან შევხედავთ საქმეს, აღმოვაჩენთ, რომ პატარა ბავშვის ტვინი მხოლოდ რეალურ გარემოსთან ურთიერთქმედების პროცესში ვითარდება, რადგან ევოლოციურად ასეა მოწყობილი, ანუ ბავშვმა თუ არ იმოძრავა, თუ არ შეიგრძნო და გარემოსთან ურთიერთობის გზით არ დაინახა ეს ყველაფერი, მისი ტვინი სუსტად ვითარდება.

მეორე და ძალიან და მნიშვნელოვანი ფაქტორი – კომპიუტერებით და აიპედებით ჩვენ ხომ მზა პროდუქციას ვიღებთ, ანუ მზა ხატები გვაქვს, შესაბამისად, მე აღარ მრჩება ადგილი წარმოსახვისთვის.

მესამე საკითხი, ამ საშუალებებით ხელოვნური ურთიერთობა მიწევს ვიზუალურ ხატებთან. ეს პროგრამები ძირითადად უცხოენოვანია. საკუთარ ენაზე ცოცხალი მეტყველება ბავშვს არ ესმის, ესმის კომპიუტერიდან უცხო ენაზე გახმოვანებული პროგრამები. იცით, რა ტენდენციაა ამ ბოლო დროს? ჩემთან მოსული ბავშვების უმეტესობა თავის ენაზე ვერ ლაპარაკობს, იმეორებს ინგლისურ და რუსულ სიტყვებს, საბოლოო ჯამში, ვერც რუსული და ინგლისური ვითარდება კარგად და ვერც ქართული ცოცხალი მეტყველება.

ნახეთ, რამდენი რამ დააბრკოლა აიპედთან და კომპიუტერთან ადრეულმა ურთიერთობამ: მეტყველება შეაფერხა, ფანტაზიის უნარის განვითარება შემდგომში ვერ მოხერხდება ისე კარგად, რომ ამან სააზროვნო პროცესების კარგად განვითარებას შეუწყოს ხელი, გარდა ამისა, ბავშვი უძრავად არის კომპიუტერთან, ანუ მისი მოტორული განვითარებაც ფერხდება.

 

თქვენ ამ დასკვნების შესახებ რაზე დაყრდნობით საუბრობთ?

 

ეს ჩემი მიხვედრები არ არის. ბოლო 10 წლის განმავლობაში კანადასა და შეერთებულ შტატებში ბავშვთა პედიატრებისა და ნევროლოგების ძალიან სერიოზული მოძრაობაა ამ მიმართულებით და 3 წლის წინ ამერიკის პედიატრთა აკადემიამ და ასევე კანადის პედიატრთა აკადემიამ მიიღო სპეციალური გაიდლაინი მშობლებისთვის. რეკომენდაცია არის ასეთი, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებში ექსპოზიცია უნდა იყოს ნულის ტოლი, ანუ სანამ ტვინი აქტიურად ვითარდება. ბავშვის განვითარებაში კრიტიკული პერიოდები არსებობს. მაგალითად, მეტყველების განვითარებაში კრიტიკული პერიოდი არის 2,5 წლამდე. თუ ამ 2,5 წლის განმავლობაში ბავშვს გარშემო არ ესმის მეტყველების მოდელი, ანუ მასთან დიალოგში არ შედიან, ზღაპარს არ უყვებიან, მისი ტვინის შესაბამისი სისტემები კარგად ვერ მწიფდება და, მით უმეტეს, თუ ბავშვს პრობლემა აქვს, მისთვის საერთოდ არ შეიძლება დიდი ხნით ტელევიზორსა და კომპიუტერზე მიწებება. საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე. მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები არსებობს, რომელიც გვეუბნება, თუ რა ზიანი მოაქვს აიპედთან ხანგრძლივი დროის გატარებას კომპიუტერულ თამაშების თვალსაზრისით.

ბავშვებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებასაც ხომ არ აფერხებს ეს ყველაფერი?

ცხადია, ძალიან კარგი კითხვაა, კომუნიკაციას აფერხებს. ბავშვებმა არ იციან, როგორ ილაპარაკონ, დიალოგი როგორ აწარმოონ, როგორ გამოიჩინონ ინიციატივა დიალოგისთვის… ამას როგორ სწავლობთ თქვენ? ცოცხალი ურთიერთობის პროცესში, ხომ? დიალოგში თემას ხომ უნდა მიჰყვე? ის შეგეკითხება, შენ პასუხობ, ერთობლივი თამაში ხომ უნდა განახორციელოს პატარა ბავშვმა, ვიღაცას რომ ეთამაშოს… ეს უნარები ხომ უნდა გქონდეს? და ვის უნდა ეთამაშოს, კომპიუტერს? შესაბამისად, ბავშვი ვერ სწავლობს რიგის დაცვას, სხვისი პოზიციის გათვალისწინებას, ბავშვები ხდებიან იმპულსურები, ძალიან მომთხოვნები, იმიტომ, რომ მყისიერად უნდა აუსრულდეთ სურვილი, რადგან კომპიუტერში ასეა მიჩვეული, არ მოეწონება, რაღაცას მოკლავს, ვიღაცას მოუგებს, ანუ იქვე იღებს შედეგს, კი არ გადაავადებს პროცესებს დროში, ისე, როგორც დედა და მამა ეუბნებიან, რომ ხვალ გიყიდი კანფეტს, ზეგ გექნება სათამაშო. სად სცალია მაგისთვის, ის ასე არ არის მიჩვეული.

 

რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ეს ტელევიზორის ყურებსაც ეხება?

 

ტელევიზორი ნაკლებად… იმიტომ, რომ ტელევიზორის შემთხვევაში მაინც პასიური მაყურებელი ხარ, შეიძლება ყურების დროს ადგე, გაიარ-გამოიარო და ცალი თვალითაც უყურო ტელევიზორს, ანუ ჩართულობის ისეთი ხარისხი მაინც არ გაქვს, იმასთან შედარებით, როცა შენ თვითონ ქმნი რაღაცებს, როცა კომპიუტერში თამაშობ, როცა შენს მოქმედებაზეა დამოკიდებული, თუმცა 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ექიმები ტელევიზორის ყურებას უკრძალავენ.

თამარ გაგოშიძე/რადიო თავსიუფლების ფოტო
თამარ გაგოშიძე/რადიო თავსიუფლების ფოტო

 

რატომ? რა არის ამის არგუმენტაცია?

 

იმიტომ, რომ ნერვულ სისტემას აგზნებს, ასევე ხელს უშლის მოტორულ განვითარებას, ვინაიდან ჯდომა უწევს. ნებისმიერი შემთხვევეში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მშობელთან კომუნიკაცია, საკუთარი ასაკის ბავშვებთან კომუნიკაცია და სათამაშო მოედანზე თამაში. კანადაში უკვე 3 წელია მოქმედებს ძალიან საინტერესო ვებგვერდი – www.zonein.ca. ეს არის საიტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაინერგოს ბავშვებში ბალანსირებული ურთიერთობა კომპიუტერულ საშუალებებთან. იქ ჯანდაცვის სამინისტრო მშობლებს თანხას უხდის იმისათვის, რომ ბავშვები სპეციალურ სავარჯიშო დაწესებულებებში წაიყვანონ. გაგიკვირდებათ, ისეთი მტკიცებულებებია კომპიუტერების ზემოქმედების შესახებ ამ ვებგვერდზე.

ცხადია, კომპიუტერი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საგანი, ნეიტრალურია, აქ მნიშვნელობა აქვს ჩვენს დამოკიდებულებას მის მიმართ. ზედმეტი და არადროული არაფერი ვარგა. კომპიუტერებს ძალიან ბევრი პლუსები აქვთ, მათ შორის განმავითარებელი თამაშები. ჩვენთან დადიან ბავშვები, ვისაც კითხვის პრობლემა აქვს, ვიზუალური სივრცითი პრობლემები. ჩვენც გვაქვს კომპიუტერული განმავითარებელი თამაშები, რომელსაც დოზირებულად ვიყენებთ, მაგრამ არა 5-წლამდე ასაკის ბავშვებში. გვირჩევნია, რომ ამ ასაკის ბავშვებს მოქმედებით ვეურთიერთოთ და არა გამზადებული კომპიუტერული თემებით. სკოლაში შეუძლიათ ბავშვებს კომპიუტერების გამოყენება, მას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.

 

5 წელი – ეს ასაკი რა კრიტერიუმებით არის დადგენილი?

6 წლამდე თავის ტვინი ძალიან აქტიურად ვითარდება: 2,5 წლამდე ყალიბდება სამეტყველო სისტემები, 6 წლამდე- ნატიფი მოტორიკა, მსხვილი მოტორიკა, აზროვნება. ანუ ტვინი ამ ასაკში ძალიან სწრაფად იზრდება, მაგრამ ჩამოყალიბების ეს პროცესი გარემოსთან, ცოცხალ სიტუაციებთან ურთიერთქმედების შედეგად ხდება. მხოლოდ კომპიუტერსა და ტელევიზორში ვაშლის დანახვა საკმარისი არ არის, აზრი ვაშლის შესახებ მულტისენსორულად ყალიბდება, ანუ მრავალი შეგრძნებების შედეგად.

 

ის ნეგატიური ეფექტები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ყველა ბავშვს ეხება, თუ ეს მაინც ინდივიდუალური საკითხია, რადგან მრავალი მშობელი იტყვის, რომ მისი შვილი კომპიუტერთან და ტელევიზორთან ერთად გაიზარდა, თუმცა განვითარებაში პრობლემა არ ჰქონია…

ცხადია, არ ეხება ყველა ბავშვს. საუბარია იმაზე, რომ ზოგადად ასეთი კანონზომიერებაა. არიან ბავშვები, რომლებსაც განვითარებაში გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგრამ ეს გარედან დიდად არ ჩანს, ანუ სხვა ბავშვებისგან არ განსხვავდება, მაგრამ არ იწყებს ლაპარაკს, არ ესმის შენი, ქცევები არეული აქვს. ანუ არიან ბავშვები, რომლებსაც განვითარება უგვიანდებათ, შეფერხება აქვთ. ისეთი ბავშვებისთვის, ვისაც აქვს აუტისტური სპექტრი, ან მეტყველებაში შეფერხება, განსაკუთრებით დამღუპველია კომპიუტერულ საშუალებებთან ადრეულ ასაკში მიწებება. ჩვეულებრივი განვითარების მქონე ბავშვის შემთხვევაში ქცევაზე შეიძლება მოახდინოს სერიოზული გავლენა, უყურადღებობა, აგზნება, იმპულსურობა, ძილის პრობლემები – ეს ყველაფერი შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი განვითარების მქონე ბავშვებში.

 

2 წლის შემდეგ რა დოზით არის რეკომენდირებული ბავშვის და ტელევიზორის ურთიერთობა?

 

შემდეგ უკვე შეიძლება, რომ ბავშვმა დღეში ნახევარი საათი მულტფილმებს უყუროს და გაიხაროს. ოღონდ თავის ენაზე.

 

ბავშვები და ელექტრონული მოწყობილობები
ბავშვები და ელექტრონული მოწყობილობები

 

როგორ გადაწყვიტოს მშეობლემა, რა დროს ჩაურთოს 2 წლის შემდეგ ბავშვს მულტფილმები დღის განმავლობაში? ამას ჯილდოს ფორმა ხომ არ უნდა ჰქონდეს?

 

ძილის წინ და ჭამის დროს არ უნდა ჩაურთოს. ძალიან ბევრი მშობელი მეუბნება, რომ, აბა, რა ვქნა, მხოლოდ მულტფილმების მეშვეობით ვაჭმევო. ან, ძილის წინ თუ არ ჩავურთე, ისე არ დაიძინებსო, ამ ორი აქტივობის გარდა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაირთოს ტელევიზორი.

 

მაგალითად, ჭამის დროს მულტფილმის ყურებაში რა პრობლემას ხედავთ?

 

ბავშვი უნდა ჭამდეს მიზანმიმართულად, თავისით, უნდა ჰქონდეს მადა… გართობით და ხათრით კვება არ არის რეალურად კვება. გარდა ამისა, ხელს უშლის ბავშვის ემოციურ განვითარებას, არის ჩხუბი და ერთი ამბავი ჭამის დროს და პლუს ბავშის მოტყუება… მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავისი ნებით, თავისი არჩევანით მიიღოს შენი პირობა და ამას ჩხუბის და ტელევიზორის გარეშე უნდა მიეჩვიოს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ სრულიად შესაძლებელია.

 

კიდევ ერთი მეთოდი აქვთ მშობლებს, მუსიკას ურთავენ მაღალ ხმაზე და ისე აძინებენ ბავშვებს…

ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მუსიკალური ადამიანები მუსიკის ფონზე კარგად იძინებენ, მე, მაგალითად, არ შემიძლია და არც ბავშვობაში შემეძლო. მუსიკასაც გააჩნია, ელექტრონული და როკ-მუსიკის ფონზე ბავშვს ვერ დააძინებ.

 

მე ვიცნობ ეგეთ ბავშვებს…

 

კი, ბავშვი ყველაფერს ეჩვევეა. უბრალოდ ჩვენი ნერვული სისტემა ძალიან ფაქიზად რეაგირებს ყველა სტიმულზე. ზოგიერთი ბავშვი ინტენსიურ და ძლიერ ხმებს ვერც იტანს, ზოგს ეშინია. ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, რომელიც მშობელმა უკეთესად იცის ხოლმე.

 

ხშირია თქვენს პრაქტიკაში, როდესაც ბავშვები მოყავთ მეტყველების, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების პრობლემებით და ამის მიზეზი კომპიუტერულ საშუალებებსა თუ ტელევიზორთან მიჯაჭვულობა აღმოჩნდება ხოლმე?

 

დიახ. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი მაუგლივით არის, არ გიყურებს, არ მეტყველებს, არ ურთიერთობს, ჰგავს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ 7 თვიდან მიწებებულია ამ საშუალებებზე, არავინ ელაპარაკება, რადგან მშობლები მუშაობენ, ძიძა მხოლოდ უვლის და ბავშვი ტელევიზორზეა მიწებებული… ანუ მასთან კომუნიკაცია არ აქვთ, როდესაც მშობლები შეშინდებიან, რომ ბავშვს აუტიზმი აქვს და მასთან აქტიურ ურთიერთობას იწყებენ, ეს სიმპტომებიც ლაგდება ხოლმე.

 

არის მეორე ვარიანტი, ასეთი შემთხვევებიც ხშირად გვაქვს, როცა ბავშვს უკვე აქვს მეტყველების შეფერხება, მაგრამ 1,5 წლის ასაკის ბავშვებში ეს არ ჩანს, ვერ ლაპარაკობს? რა მოხდა, ხომ? მაგრამ იმის გამო, რომ უკვე აქვს შეფერხება, ტაბლეტი და კომპიუტერი დამღუპველად მოქმედებს მასზე. ბავშვის მდგომარეობა გარეგნულად ძალიან ჰგავს აუტისტურ სპექტრს, მაგრამ როცა ვიწყებთ მშობლებისთვის რეკომენდაციების მიცემას, რომ ასე უნდა ეურთიერთოს, ეთამაშოს, აუტისტური სპექტრის ნიშნები ქრება და რჩება მხოლოდ მეტყველების შეფერხება. როდესაც ბავშვს აუტიზმი აქვს, ასე სწრაფად სიმპტომები არ ქრება, ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ის აუტიზმისგან განიკურნა, არამედ ნიშნავს იმას, რომ ის არც ყოფილა აუტისტი. უბრალოდ ეს იყო მიმიკრია.

 

რას ურჩევდით იმ მშობლებს, რომლებიც ახლა ბავშვების დისტანცირებას გადაწყვეტენ კომპიუტერულ საშუალებებისგან თუ ტელევიზორისგან, როგორ უნდა გააკეთონ ეს უმტკივენულოდ?

 

ეს არ არის ადვილი. ძალიან ბევრ მშობელს უთქვამს ჩემთვის, რომ ბავშვის ურთიერთობა ამ საშუალებებთან ნიჭიერების და განვითარების გამოვლენა ეგონა, დიახ, მაგრამ განვითარების გამოვლენა შეიძლება იყოს 6 წლის შემდეგ, მანამდე არა. კარგად მესმის, რომ რთული ნაბიჯია გადასადგმელი, მე ზეპირად არ ვლაპარაკობ ამას. რთულია, როცა მილიონი საქმე გაქვს, ბავშვს ტელევიზორს არ ურთავ და რაღაცნაირად მისი დაკავება უნდა მოახერხო. ასეთი ბავშვების პირველი კითხვა იცით რა არის, როცა ცოტა წამოიზრდებიან, 4-5 წლის ასაკში? – “რა ვაკეთო?”. არ იციან, რა უნდა გააკეთონ, ბავშვები არ თამაშობენ. გამოდის, რომ ეს სწყალი მშობელი უნდა დაკავდეს თამაშით, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ ამას გაგებით მოეკიდოს ორივე მშობელი, ჯობია რაღაც არეული იყოს სახლში, რაღაც ვერ დააუთოვო, მაგრამ პრიორიტეტი ბავშვთან თამაში უნდა იყოს. ბავშვთან ყოველდღე 30 წუთი თამაში მაინც  სრულიად საკმარისია, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი და გულწრფელი თამაში, როცა პარალელურ რეჟიმში ტელეფონზე არ ხარ ჩამოკიდებული და ყურადღებას მხოლოდ ბავშვს უთმობ. დღეში 30 წუთი ბევრი ნამდვილად არ არის.

netgazeti.ge

Comments

comments