გუშინ Facebook-ს ახალი სმაილი XO დაემატა, რომლის დაწერის შემდეგაც, News Feed-ში იმდენჯერ ამოიყრება პატარა გულები, რამდენჯერაც მას დააწკაპუნებთ.

თუკი აქტიურად ადევნებთ თვალს ამერიკულ სერიალებსა და ფილმებს, აუცილებლად შეამჩნევდით ამ აბრევიატურას ან მის სახეცვლილ ვარიაცებს, მაგალითად XOX, XOXO, XOXOXO. თუ აქამდე არ იცოდით, გეტყვით, რომ XO სიყვარულის გამოსახატავი საშუალებაა, რომელიც “კოცნებსა და ჩახუტებებს” ნიშნავს.

მოკლე პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ნიშნავს XO კოცნებსა და ჩახუტებებს, არ არსებობს. სემიოტიკისა და ლინგვისტური ანთროპოლოგიის პროფესორი მარსელ დენასი ტორონტოს უნივერსიტეტიდან, რომელმაც დაწერა წიგნი “კოცნის ისტორია: პოპულარული კულტურის დაბადება”, ამბობს, რომ არავის დაუწერია და აუხსნია, თუ რატომ იყენებდნენ XOXO-ს. მათ, უბრალოდ, დაიწყეს ამის გამოყენება.

X ნიშნავს კოცნებს

დენასი, რომელიც კოცნის ისტორიას თავისი წიგნის დასაწერად სწავლობდა, ამბობს, რომ X სიმბოლო ჯერ კიდევ შუა საუკუნეების პერიოდიდან გამოიყენება. თუმცა, რას ნიშნავს სინამდვილეში X? ინიციალებით თუ მივყვებით, ის “ქრისტეს” სიმბოლო უნდა იყოს, თუმცა დროთა განმავლობაში მან თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და კოცნის ნიშნად გადაიქცა.

“ქალებს იმ პერიოდში თავის დაღწევა უნდოდათ იმ იდეისგან, რომ ისინი, როგორც ქალები ქორწინების შედეგად მათი მეუღლის საკუთრებები ხდებოდნენ და მათ გადაეცემოდნენ მფლობელობაში,”- ამბობს დენასი.

ამიტომაც, რაც უფრო ვრცელდებოდა სიყვარულის გარეშე ქორწინებები, მით უფრო მეტად ვრცელდებოდა ასოებით გამოხატული სიყვარული.

O ნიშნავს ჩახუტებებს

X და O ძალიან მარტივად დასაწერი ასოებია იმ ადამიანისთვისაც კი, ვისაც არასდროს უსწავლია წერა-კითხვა. დენასი აღნიშნავს, რომ თამაში “ჯვარედინი და ნული” (რომელსაც ბავშვობაში, ალბათ, თქვენს “კრესწიკი-ნოლიკს” ეძახდით), ასევე შუა საუკუნეებიდან არსებობს. ამიტომ, ეს ორი სიმბოლო დიდი ხანია ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

Washington Post-ის ინფორმაციით, ამ ყველაფრის მიუხედავად, არ არსებობს საკმარისი საბუთები იმის სათქმელად, რომ O-ს 1960 წლამდეც ჩახუტებების სიმბოლოდ იყენებდნენ.

იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, O ჩახუტების ვიზუალიზაციაა.

“თუკი წრის შუაგულში დადგებით, წრის დარჩენილი ნაწილით გარშემორტყმული იქნებით. როდესაც ვინმეს ეხუტებით, ფაქტობრივად ეუბნებით “მე გარშემო ვეხვევი შენს ააურსა და შენს მატერიალურ პიროვნებას” და ჩახუტებისას მხრებით მართლაც წრეს კრავთ.

XO ვარიაციები

დღესდღეობით ამ სიმბოლოს გამოყენების არაერთი ვარიაცია არსებობს.

XO – მარტივად კოცნებსა და ჩახუტებებს ნიშნავს
XOXO – ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ფაქტობრივად ვახრჩობთ კოცნებითა და ჩახუტებებით. ეს სიმბოლო, ძირითადად, რომანტიკულ ურთიერთობებში გამოიყენება, თუმცა შესაძლოა ადამიანმა თავის მეგობარს ან ოჯახის წევრსაც მიწეროს.
X – მხოლოდ კოცნაა, რასაც ასევე ხშირ შემთხვევაში რომანტიკული მნიშვნელობით იყენებენ, თუმცა სრულიად შესაძლებელია გაუგზავნოთ იმ ადამიანს, ვისაც როგორც წესი, ლოყაზე კოცნით ხოლმე მისალმებისას.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა მრავალი საშუალება არსებობს თანამედროვე სამყაროში, რომ სიმბოლურად გამოვხატოთ კოცნა და ჩახუტება, XOXO მაინც რჩება ერთერთ პოპულარულ სიმბოლოდ.

“როდესაც კონკრეტული ტრადიციები ჩვენთვის მნიშვნელობას ატარებენ, ისინი არსად ქრებიან. ისეთი სიმბოლოები, როგორიც XOXO-ია დიდხანს რჩება და თაობიდან თაობას გადაეცემა. სულ მცირე ხელის შეწყობის შემთხვევაში, ის არსებობას გააგრძელებს. ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია, რომ XOXO-ს მსგავსი სიმბოლოები იქამდე არ გაქრებიან, სანამ ეს ემოცია არსებობს,”- ამბობს დენასი.

Comments

comments