არანაირი სურვილი არ მაქვს, პოლიტიკაში წავიდე – ასე უპასუხა სპორტსმენმა ზაზა ფაჩულიამ კითხვას, მის პოლიტიკაში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით. ზაზა ფაჩულია ჟურნალისტების კითხვებს სასტუმრო „რუმსში“ პასუხობს.

„სანამ ჩემი გული არ მეტყვის, რომ საკმარისია, არ წავალ სპორტიდან. ვცდილობ, ეს სიამოვნება გავიხანგრძლივო. კალათბურთის მერე რას გავაკეთებ, ამაზე ფიქრი დავიწყე. ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ბიზნესის მხრივ კურსები გავიარო. კალათბურთის კარიერა პატარა ასაკში დავიწყე და არ დამცალდა განათლების მიღება, ამიტომ ამ დანაკლისს ახლა ვივსებ.

რაც შეეხება პოლიტიკას, ეს ხმები ჩემამდეც მოვიდა. არანაირი სურვილი არ მაქვს, პოლიტიკაში წავიდე. უნდა აკეთო ის, რაც გსიამოვნებს. არანაირად არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ძალით რამის კეთება არ გამოდის“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. ​

NBA–ს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ ლარი ობრაიანის სახელობის ჩემპიონის თასი ჩამოიტანა. მისმა გუნდმა Golden State Warriors ჩემპიონატის ფინალურ სერიაში Cleveland Cavaliers-ი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

7 აგვისტოდან, ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის მზადებას დაიწყებს. „ევრობასკეტ 2017“ ოთხ ქვეყანაში რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში 31 აგვისტოდან -17 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება – მატჩების რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

1tv

Comments

comments