ახლახან ინტერნეტში ვიდეო დაიდო, სადაც ოთხი ქართველი – ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ვალერი მელაძე – ასრულებს სიმღერას “თბილისო” და რამდენიმე დღეში მილიონზე მეტი ნახვა მოიპოვა.

4 ქართველის გამოსვლა იურმალაში ფესტივალ “რანდევუს” მსვლელობისას ჩაწერეს. პროდიუსერ სოსო აბზიანიძის თქმით, „ფესტივალზე ახალგაზრდებს მაისურები ეცვათ, რომელსაც ვალიკო მიზანდარის ცნობილი ფრაზა – “ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ” ეწერათ…
ამის შემდეგ ბუბა კიკაბიძე ბაქოში, ფესტივალ””ჟარაზე” გაემგზავრა. ცნობილი მომღერალი “კვირის პალიტრას” ექსკლუზიურად ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

მშვენიერი ფესტივალი იყო. ყველანი კარგად შემხვდნენ – კოლეგებიც და მსმენელებიც. ერთი რამ მოხდა, რამაც, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა – სცენაზე რომ ავედი, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა.”პოპური შევასრულე, ბულატ ოკუჯავას სიმღერა და “მიმინო”. იყო ბევრი ტაში, სცენიდან აღარ მიშვებდნენ.

– ალა პუგაჩოვასთან ერთად ხართ ფოტოზე.
– ალამ მითხრა, ბუბა, ძალიან მომენატრეო. ფესტივალი “ნოვაია ვოლნა” დაკეტეს, ახლა ლაიმა ვაიკულე და მისი მეგობრები ჩაუდგნენ სათავეში – სულ სხვა საერთაშორისი ფესტივალი -“რანდევუ” ჩაატარეს. მეც

ლაიმას მიწვევით ჩავედი.

– დაგეგმილი გქონდათ “თბილისოს” შესრულება, თუ იქ გადაწყდა მოულოდნელად?

– ლაიმას უთხოვია ნანისა და ვალერისთვის, “თბილისო” იმღერეთო. ადრე მოსკოვში ალა პუგაჩოვას საღამოზე ვიმღერეთ მე, ნანიმ, ვალერიმ და თამრიკო გვერდწითელმა. განსაკუთრებულად უყვართ იქაურებს “თბილისოც” და ნანიც.

– იურმალიდან ბაქოში ჩახვედით ფესტივალ “ჟარაზე”.

– 4 დღე გრძელდებოდა ფესტივალი. ვნახე გრიგორი ლეპსი, ლევ ლეშენკო, სოსო პავლიაშვილი, რუსული შოუბიზნესის გოგოები… როგორ ხართ, მოგვენატრეო, ბევრი თბილი სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს. ყველა მეუბნებოდა, ძალიან გვინდა თბილისში ჩამოსვლაო. მერე ვინ გიშლით, თბილისი ისევ ლამაზი, თბილი, მშვიდობიანი და სტუმართმოყვარე ქალაქია-მეთქი.

– თვითონ არ დაგპატიჟეს რუსეთში?

– არა, ყველამ იცის, რომ მე რუსეთში კატეგორიულად არ ჩავდივარ.

 

 https://www.kvirispalitra.ge

Comments

comments