მაქვს მთელი სხეული” – მამა პეტრე რთული ოპერაციისთვის ემზადება

ორი კვირაა, პეტრე კოლხი ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეაწუხა და მკურნალობის კურსს გადის… გულზე ოპერაცია გარდაუვალია, რაზეც ძლივს დაითანხმეს, თუმცა როგორც გვეუბნება, სანამ საოპერაციოში არ მნახავთ, არ დაიჯეროთ, რომ თანახმა ვარო…

მეჩვენება? არა, ზუსტად ასეა, რომ პეტრე კვრაცხელიას ცოტათი პესიმიზმი შეჰპარვია, თუმცა ბოლომდე არც ჩვენ გვიტყდება და არც საკუთარ თავს…
“მადლობა, რომ ყოველთვის მკითხულობთ. მკურნალობის კურსს გავდივარ და თავს უკეთ ვგრძნობ. იმედია, ესეც გაივლის. საბოლოოდ კი, შევძლებ ნორმალურ ცხოვრებას, ყოველგვარი სტრესისა და შიშის გარეშე. ხშირად არც მჯერა, მოსალოდნელი გულის შეტევები თუ ოდესმე დამთავრდება, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ჩვენც, მათ შორის”, – გვეუბნება სვეტიცხოვლის დეკანოზი, მამა პეტრე.

– გულს საერთოდ, უჩიოდით, თუ ახლა აღმოჩნდით ამ ფაქტის წინაშე?

– ბავშვობაში მიღებულმა ტრამვამ გულის დაავადება ჩამომიყალიბა. ეს იყო წლების წინ, პატარა ასაკში და თვალნათლივ მახსოვს, როგორი იყო პირველი “დარტყმა,” მაგრამ ის უფრო ძლიერი დარტყმა იყო, რამაც გულის ეს დაავადება გამოიწვია… წლებს კი ტკივილები არ აკლდება, პირიქით, ემატება და მოვედი აქამდე… ასაკის მომატებასთან ერთად, მემატებოდა ჯანმრთელობის პრობლემებიც, მაგრამ უყურადღებობის გამო, სანამ “მაგდანას ლურჯასავით” არ წავიქეცი, ძირეული გამოკვლევა არასდროს ჩამიტარებია. ახლა კი დაჩხვლეტილი მაქვს მთელი სხეული, არც ისე მტკივნეული ყოფილა…

– რას ამბობენ ექიმები?

– თავის დროზე რომ მიმემართა ექიმებისთვის, დღეს ბევრად უკეთესად ვიქნებოდი… უამრავი წელია, ამ ტკივილით ვიტანჯები… ათი წლის წინ მეგობარმა იძულებით დამავლო ხელი და ექიმთან მიმიყვანა. მაშინ ასე მარტივად არ კეთდებოდა საქართველოში ოპერაცია. დღეს კი საუკეთესოდ ართმევენ თავს, მაგრამ თეთრხალათიანების ქრონიკული შიში მაქვს. ვამბობდი კიდეც, მირჩევნია, გული გამიჩერდეს, ვიდრე ექიმი გავიკარო-მეთქი… დღესაც იგივე აზრზე ვარ, რომ არა ახლობლების “ტერორი”…

– როგორც გავიგე, დაფინანსებას ელოდებით, რომ ოპერაცია გაგიკეთდეთ? ოპერაცია აქ უნდა გაკეთდეს, თუ უცხოეთში?

– დიახ, ოპერაცია მალე ჩაინიშნება და იმედია, გული აღარ მეტკინება. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც… თბილისში ვიკეთებ (კიდევ არ მჯერა, რომ დამიყოლიეს) არც თქვენ დაიჯეროთ, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგებით…

– ე.ი. ოპერაციას შიშის გამო არ თანხმდებოდით?
– იმდენი რამ მაწუხებს, სულ საავადმყოფოს კართან უნდა ვიდგე. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში პირველად დინებას მივყოლოდი… როცა იქნება, ხომ მაინც გავალ ამქვეყნიდან. ვფიქრობ, ყველაზე ლამაზი, გულით სიკვდილია… ოღონდ, ამასაც ვინ გაცლის, სხვა თუ არავინ, თავზე ექვსი შვილი მადგას. ამ წუთას გარდაცვალება ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტია…. ეს რომ ვინატრო, ეგოისტი ვიქნები… ვჭირდები, ზუსტად ვიცი, შვილებს მაინც ვჭირდები…

– ბოლო დროს, თქვენს სტატუსებს ვაკვირდები და ძირითადად, პოეტური სტრიქონებით შემოიფარგლებით და ვფიქრობ, პესიმიზმი შემოგპარვიათ… 

– ყველაზე ნამდვილი სიკვდილის ხსოვნაა, რაც ჩემთვის დედაჩემის გარდაცვალების მერე, ძალიან მშობლიური გახდა. არც გულის შეტევა ყოფილა ერთჯერადი აქტი. ცხადია, მასაც ჰქონდა თავისი წანამძღვრები. განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, ჩავიკეტე. სახლი, ტაძარი, ბიბლიოთეკა, დანგრეული ტაძრების მოლოცვა, კითხვა, წერა… მხოლოდ ამ განწყობას შემოვრჩი… ირგვლივ სიყალბე, ორპირობაა დიდი დოზით და თითქოს, ჯავშანი გამოვიგონე, რომელსაც თავი შევაფარე… პიროვნება ტკივილის დროს უფრო საინტერესო ხდება… რაც უფრო გტკივა, მეტად ძლიერდები, უფრო ახლოს მიდიხარ საკუთარ თავთან და მერე იწყებ ღმერთის ნამდვილ ძიებას…
ჩემს მოურჩენელ ტკივილს დაღლა ქვია… დამღალა ბოროტებამ, შურმა, აგრესიამ… მარტო მინდა… ყველასთვის ბოლომდე დავიხარჯები. თუ საჭირო გახდა, ავადმყოფ გულსაც ამოვიგლეჯ, მაგრამ მარტო ვიქნები… არ ვიცი, რაღაცისთვის ვემზადები…

– ბევრ ადამიანს – მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, მრევლს, მკითხველს უყვარხართ… მოწყენილობა ალბათ არ გამოდგება. რას ეტყვით საუბრის ბოლოს ამ ადამიანებს? 
– მათი “ბრალია,” ოპერაციას რომ ვიკეთებ… მაიძულეს, თავისთვის მიმეხედა… თითქმის, 15 დღე გავიდა ცუდად ყოფნის მერე, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე, ყველა წერილი გამეხსნა და წამეკითხა… ეს იყო მოკითხვების თავსხმა… მიხარია, ტკივილამდე, მიხარია, მაგრამ თან, ვბრაზდები. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამხელა სიყვარულს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. რომც მომკვდარიყავი, არ ვინანებდი. მე დავინახე აუწონავი სიყვარული, ცრემლი, ვედრება და მოლოდინი… მსოფლიო საკანცელარიო მაღაზია არ მეყოფა, ყველა მათგანის სახელი ჩამოვწერო და ბოლოში ერთადერთი სიტყვა მივაწერო – “მადლობა!” ცრემლიც შემაშრა, ტირილიც არ შემიძლია… მივხვდი იმასაც, რომ კარგად ვერასდროს ვიქნები, თუ გული არ მეტკინება… სვეტიცხოვლის მამებს მადლობა… ჩემს ზეჰუმანურ წინამძღვარს – მადლობა. თავზე დამადგა, დროზე ადექი, თავს მიხედე, სად გცალია დასაწოლადო… მითხარით, ვინ დარჩა ისეთი, ვისაც არ ეკუთვნის მადლობა… ემიგრანტებს ჩემი უცრემლო ტირილი… ჩემი წალენჯიხელები – თავიდან ბოლომდე მადლობა… ინგოროყვას კლინიკა, ჩემი ოჯახი… ჩემი მეუფე ეფრემი, მეუფე სვიმეონი, მრევლი, მეგობრები, უცხოები, ვითომ – უცხოები… ვერ გავიგე, ვინ ჯანდაბა ვარ, ასეთი… ჩემი მეუღლე შევიწირე… მადლობა ჩემს ნათლულებს, ჩემს შვილებს, დაღონებულ “ექვს პეტრეს”… ჩემი სოფია, ნემსებს რომ მიკეთებდნენ, – “მამა, ნუ უტულებ ექიმს, ნაქე, მე როგორ ვცეტავ, მე მიტურე,” – მამხნევებდა…

ჩიტებს მადლობა. უთენია, რომ ჟღურტულებდნენ და სიცოცხლის წყურვილს მიბრუნებდნენ…
გავგიჟდები და გეტყვით, ისე სიგიჟემდე მიყვარხართ, რომ მძულხართ…
გპირდებით, ეს ოპერაციაც გაივლის, მაგრამ ღმერთმა ერთი წამი ისე არ მაცოცხლოს, რომ გული არ მეტკინოს…

Ambebi.ge მამა პატრეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

Comments

comments