ქორწინებათა უმეტესობის დანგრევის გამომწვევი ძირითადი მიზეზი რომელიმე პარტნიორის მხრიდან ღალატია. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ცხოვრების ალბათ ერთ-ერთი განსაკუთრებით რთული პერიოდი და ღალატით გამოწვეული ტკივილი, საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა განაპირობებს მას, რა აჩენს ადამიანში ღალატის სურვილს, ვინაიდან, როცა მიზეზი ვიცით, უფრო მარტივია ცხოვრების უსიამოვნო მომენტის თავიდან აცილება.

ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, მეუღლეების 4% აღიარებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მეუღლეს უღალატა და ქორწინების მიღმა, სხვა ადამიანთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.

ფსიქოლოგი გრენთ ბრენერი წერს, რომ ღალატის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს – სოციალური ფაქტორი, ურთიერთდამოკიდებულება, ყურადღების ნაკლებობა, ასევე შვილები, კარიერული თვალსაზრისით წარმატება, ან წარუმატებლობა, ნდობის დარღვევა და ა.შ.

ადამიანს უჩნდება განცდა, რომ არ არის ბედნიერი მეუღლესთან, რომ მის გვერდით უპერსპექტივოა და ცდილობს იპოვოს ახალი.

სტატისტიკურად, კაცები უფრო გამოირჩევიან მოღალატის ბუნებით, ვიდრე ქალები და ამას თავადაც ადასტურებენ ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით. აგრეთვე, ქალები და კაცები განსხვავებული მიზეზებით ღალატობენ – კაცები, როდესაც ღალატობენ, უმეტეს შემთხვევაში მათ სხვა ქალისადმი ფიზიკური ლტოლვა აკავშირებთ, ხოლო ქალების შემთხვევაში, ყველაფერი ემოციებთან და გონებასთანაა დაკავშირებული.

მამაკაცების უმეტესობისთვის სექსუალური აქტივობა ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა, ხოლო ქალების უმეტესობა სექსს სიყვარულზე აფუძნებენ.

ფსიქოლოგთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომელიც მიმართული იყო იმის გასარკვევად, თუ რა ფაქტორების გამო იკავებენ ადამიანები ღალატისგან თავს.

კვლევაში ჩართული იყო 110 ადამიანი – 36 ქალი და 74 მამაკაცი, მათი ასაკი 24-დან 60 წლამდე მერყეობდა და ქორწინებაში იყვნენ სულ მცირე 2 წელი, ყველა მათგანს ჰყავდა ერთი შვილი მაინც და კვლევის პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ. კვლევის შედეგად გამოვლინდა ის ფაქტორები, რომლებიც ადამიანებს ღალატისგან თავის არიდებაში ეხმარება:

1. მორალური სტანდარტები.

2. ბავშვების როლი წყვილის ცხოვრებაში.

3. მარტო დარჩენის შიში.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალები თავიანთ თავს მიიჩნევენ ნაკლებად მიდრეკილად ღალატისკენ, ვიდრე მამაკაცები. კვლევაში ჩართულ მამაკაცთა უმეტესობამ აღიარა, რომ მოღალატის ბუნება აქვს. უფრო მეტიც დადგინდა, რომ ქალებს აქვთ უფრო ძლიერი მორალური პროტესტი ღალატისადმი, ისინი ფიქრობენ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მათ მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შვილებზე. ქალი თავისი ქმედებების დროს უფრო მეტად ფიქრობს შვილებზე, ვიდრე მამაკაცი.

კვლევამ აჩვენა, რომ მეუღლეები საერთოდ არ ფიქრობენ ღალატზე და არ აქვთ სხვა ადამიანებისადმი ლტოლვა, როცა ახალგაზრდები არიან და როცა ქორწინება ჯერ ახალ საფეხურზეა.

ხოლო როცა წყვილი 30-დან 45 წლამდეა და მით უფრო, თუ მათი ქორწინება მრავალ წელს ითვლის, ასეთ დროს უფრო ხშირად იჩენს თავს ღალატის სურვილი. ირღვევა ოჯახური დისბალანსი, წყვილები ერთმანეთს აღარ ენდობიან და უბრალოდ სურთ, რომ მოცემულ რეალობას გაექცნენ.

 

trend.ge

Comments

comments