როგორ ვებრძოლოთ ჭარბი წონით ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს, თემასთან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს ინტერნეტკონფერენციის რუბრიკაში მკითხველის მიერ დასმულ შეკითხვებს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა პასუხობს.

– სალომე: რომელი პროდუქტები გვეხმარება ცხიმების დაწვაში?
– კონკრეტულად არ არსებობს პროდუქტები, რომლებიც დაგვეხმარება ცხიმის დაწვაში, თუმცა არის კვლევები ჩატარებული, არსებობს ნივთიერება, რომელიც ანანასში შედის დიდი რაოდენობით და იწვევს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას, რის შედეგადაც ხდება ცხიმების დაწვა ორგანიზმში. აგრეთვე ტარტრონის მჟავა, რომელიც არის კომბოსტოში, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას და ამის ხარჯზე ხდება ცხიმების დაწვა. სხვა მხრივ, ვერცერთი პროდუქტი ცხიმებს ვერ წვავს. თუ გვსურს ცხიმების დაწვა ორგანიზმში, ამისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რათა ენერგიის წყაროდ გამოიყენოს ორგანიზმმა ჩვენი ცხიმი და მოახდინოს მისი დაშლა. ასევე უნდა მივმართოთ დაბალკალორიულ კვებას, უნდა შევზღუდოთ ცხიმების, ასევე ნახშირწყლების რაოდენობა და ჩავრთოთ კვებაში უფრო მეტად ცილოვანი კომპონენტები.

– ნინი: როგორ უნდა მოვაწყო განტვირთვა ორგანიზმისთვის და რა ინტენსივობით?
– განტვირთვა უნდა მოვაწყოთ ათ დღეში ერთხელ (გააჩნია რა კვების სტილი გვაქვს ათი დღის განმავლობაში), თუ არის დატვირთული ის ცხიმებით, ნარშიწყლებით და შემწვარი პროდუქტებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც იყოს. განტვირთვა არ გულისხმობს სრულ შიმშილს და მხოლოდ წყალზე ყოფნას. განტვირთვის დღეს უნდა ავირჩიოთ დაბალკალორიული პროდუქტები, რომლებიც პარალელურად ორგანიზმს დაეხმარება გაწმენდაში, ტოქსინების დაშლასა და შლაკების გამოდევნაში და თან შეივსება ვიტამინებით და მინერალებით.

ეს შეიძლება იყოს ხილით განტვირთვის დღეები, შესაძლებელია მოვაწყოთ ცილოვანი განტვირთვის დღეები, ანუ ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები, ასევე შესაძლებელია დღის განმავლობაში მივირთვათ ბოსტნეული. ეს ითვლება წონის და სიმაღლის მიხედვით. ეს არის ინდივიდუალური და ყველასთვის ერთი ტიპის განტვირთვა არ შეიძლება. ასევე გასათვალისწინებელია გარკვეული გენეტიკური ფაქტორები, რა ჩივილებს აღნიშნავს პაციენტი და როგორია მისი ცხოვრების წესი. ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნე, თუ არის პაციენტი ჯანსაღ კვებაზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ათ დღეში ერთი დღე დავუთმოთ განტვირთვას, მაგრამ თუ ჩვენი კვების წესი ყოველდღიურად არის ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები, სხვადასხვა კონსერვანტებით და ემულგატორებით გაჯერებული პროდუქტები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია კვირაში ერთხელ მოვიწყოთ განტვირთვა.

– ლიკა: ვარ 1 მეტრი და 63სმ. 50 კილო. მინდა ცოტა დავიკლო, 3 კილო მაინც, რა გავაკეთო?
– მოზარდობის პერიოდში 163 სმ და 50 კილოგრამი წონა ასახავს იმას, რომ მას აქვს სხეულის სწორი მაჩვენებელი. შესაბამისად, შესაძლებელია მან ვერ მიაღწიოს სასურველ შედეგს, იქედან გამომდინარე, რომ ორგანიზმს ესაჭიროება როგორც ცხიმი, ასევე ცილოვანი ქსოვილი. მან უნდა განსაზღვროს, რამდენია მის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი, რაც ისაზღვრება გარკვეული დიაგნოსტიკის საშუალებით. არსებობს ასევე სპეციალური საზომები, უნდა მიმართოს ერთხელ მაინც სპეციალისტს, რომ განისაზღვროს რამდენია მასში ცხიმოვანი ქსოვილი, შეძლებს თუ არა ის ამ ცხიმოვანი მასის დაკლებას, ვინაიდან ცხიმოვანი ქსოვილის დაკლება არ არის მიზანშეწონილი და მოზარდობის პერიოდში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, რაც საბოლოო ჯამში ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს და გამოიწვევს გარკვეულ პათოლოგიურ ცვლილებებს.

– ნანა: ვარჯიშის გარეშე როგორ შეიძლება 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა დაიკლოს წონაში?
– 40 წლის ზემოთ ყველა ქალბატონში ფიზიოლოგიიდან გამომდინარე ხდება ჰორმონთა ცვლილებები. გარკვეული ჰორმონების რაოდენობა იმატებს, გარკვეული იკლებს. ხდება არევა ენდოკრინოლოგიური სისტემის. დგება პრემენოპაუზა, შემდგომ ამას მოჰყვება მენოპაუზა, რაც შემდგომში იძლევა ეფექტს, ჭარბი ცხიმის დაგროვების. შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლა არის ბევრად შენელებული. აუცილებელია მივიღოთ ზომები: ჯერადი კვება უნდა იყოს დღის განმავლობაში აუცილებლად. უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლები და ცხიმები იმისათვის, რომ წონის კლება მოხდეს.

უფრო დიდი რაოდენობით რაც ჩვენს კვების რაციონში უნდა შევიტანოთ, ეს არის ცილოვანი პროდუქტები. მაგ: რძის პროდუქტები; ხორცის პროდუქტები და გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვა, ვიდრე გვქონდა მანამდე. ანუ, ამ ასაკში გაიზარდოს ფიზიკური აქტივობა. არ არის აუცილებელი ფიტნესი. სასურველია სიარული დღის განმავლობაში დაახლოებით 5-6 კილომეტრი, იმის მიხედვით თუ რა წონის ვართ, რა სიმაღლის და აქედან გამომდინარე რა შესაძლებლობები გვაქვს. ამ ასაკში გარდა ჭარბი წონის გაჩენისა, თავს იჩენს ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები და ზოგიერთ ადამიანს უჭირს ფეხით სიარული, თუმცა ძვალსახსროვანი სისტემისთვისაც აუცილებელია მცირე ფიზიკური დატვირთვა, იმისათვის, რომ ხრტილოვანი მასა არ შემცირდეს და მუდმივად იყოს ტონუსში ორგანიზმი.

– ანა: სამი შვილი გაჩენის შემდეგ დამრჩა თხელი ქონის ფენა მუცელზე და ვერაფრით ვიშორებ. როგორ ვებრძოლო ამ პრობლემას?
– მშობიარობის შემდგომ რჩება გარკვეული ცხიმოვანი ნადები მუცლის არეში, ამისათვის მხოლოდ სასურველია ფიზიკური აქტივობის გაზრდა. პრესის გაკეთება, იმისთვის, რომ მოხდეს კუნთის გამკვრივება და კუმშვადობა იყოს უფრო მაღალი. ორსულობის პერიოდში, როდესაც ხდება კუნთოვანი ქსოვილის გაზრდა მუცლის არეში, ხდება მოდუნება, ცილოვანი კომპონენტების ნაკლებობა. ამიტომ საჭიროა კვებაში ჩართოს ცილოვანი კომპონენტები. ორსულობის შემდგომ პერიოდში აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ბავშვს დედის ორგანიზმიდან მიაქვს კალციუმი და ამ შემთხვევაში გარკვეული სიპტომატიკა ჩნდება. ეს არის: თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის ცვლილება და ამიტომ აუცილებელია ცილოვანი კომპონენტების ჩართვა.

– თაკო: მაინტერესებს, დიეტის სწორ წარმართვას უწყობს თუ არა ხელს ფსიქოლოგთან კონსულტაციები?
– სიმსუქნე ზოგადად არის ქრონიკული დაავადება და მას სჭირდება კომპლექსური მკურნალობა. სიმსუქნეს არ მართავს მხოლოდ და მხოლოდ ენდოკრინოლოგი. ამისთვის აუცილებელია რიგ შემთხვევებში ჩაერთოს სხვა კონსულტანტები. ეს შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი, ნევროპათოლოგი, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება სიმსუქნის პერიოდში კარდიოლოგის ჩართვა, როგორც კონსულტანტის, რადგან სიმსუქნე არ არის მხოლოდ ერთი დაავადება. ასევე საჭიროა ჩაერთოს ფსიქოთერაპევტი, მსგავს შემთხვევებში ეფექტი იქნება უფრო კარგი და მისაღები.

– თამილა: მაქვს ვენების პრობლემები და ამასთანავე კიფო-სქოლიოზი, თუ არის რაიმე სახის დიეტა ჩემთვის საზიანო?
– როდესაც არის ვენური უკმარისობა და ამასთან კიფო-სქოლიოზი, აქ უნდა ჩაერთოს ანგიოლოგი. ამ დროს აუცილებელი არის გარკვეული ტიპის მასაჟები, იმისთვის, რომ კიფო-სქოლიოზის პრობლემა მოგვარდეს. რაც შეეხება ვენურ უკმარისობას, ამ დროს რა თქმა უნდა, ამოვიღოთ კვებიდან მარილი, იმისათვის რომ სითხის რაოდენობა არ შეკავდეს ორგანიზმში და არ გამწვავდეს ვენური უკმარისობა. რაც შეეხება პროდუქტებს, რომელიც უნდა იყოს ამოღებული, ეს არის კონსერვანტებით გამდიდრებული პროდუქტები, ანუ ძეხვეული, სოსისი, მაიონეზის მსგავსი პროდუქტები – ისეთი, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ კონსერვანტებს. ასეთი პროდუქტები ხელს უწყობენ ვენური უკმარისობის გამწვავებას და შესაბამისად, შეშუპების განვითარებას ქვემო კიდურებზე.

მარილი უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და ასეთ შემთხვევაში, უნდა იყოს წყლის რაოდენობა გაზრდილი. ლოგიკურია, რომ მარილის შემცირებასთან ერთად ორგანიზმს წყლის მოთხოვნა უმცირდება, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი წამალი. წყლის რაოდენობა უნდა შევინარჩუნოთ მინიმუმ ლიტრნახევრამდე, იმისათვის, რომ ორგანიზმი გაიწმინდოს ტოქსინებისგან და შლაკებისგან.

– მარი: რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი ორგანიზმისთვის და რა სახის სითხე მივიღოთ?
– დღის განმავლობაში აუცილებელია სითხით შევავსოთ ორგანიზმი. ის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მინიმუმ ლიტრანახევარი უნდა იყოს მიღებული დღის განმავლობაში. იმის მიხედვით, თუ რა წონის და სიმაღლის ვართ, მაქსიმუმ ორი-სამი ლიტრი შეიძლება მივიღოთ. არსებობს გარკვეული დაავადებები, მაგალითად შარდ-სასქესო ორგანოების სისტემის დაავადებები, როდესაც შეზღუდული უნდა იყოს სითხის რაოდენობა და დღის განმავლობაში არის მხოლოდ ერთი ლიტრი რეკომენდებული. ასევე არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც სითხის მიღების შეზღუდვა აუცილებელია. ესეც ინდივიდუალურია.

– ნანა: მიუხედავად იმისა, ჯანმრთელია თუ არა ადამიანი, უკურეაქციას რამდენად იწვევს ნახშირწყლებზე ხანგრძლივად უარის თქმა?
– ნახშირწყლებზე ძალიანაც რომ მოვინდომოთ, უარს ვერანაირად ვერ ვიტყვით, რადგან ნახშირწყლები შედის აბსოლუტურად ყველა პროდუქტში, მათ შორის ხორცში, რძის ნაწარმში, ბოსტნეულში და ხილში. თუ საუბარია ისეთ ნახშირწყლებზე, რომელიც არის მარტივი ნახშირწყლები, ანუ, შაქარი, ტკბილეული და ცომეული, ასეთ შემთხვევაში ეს ზიანს არ მოუტანს ორგანიზმს, რადგან იმ რაოდენობა ნახშირწყლებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, ჩვენ ვღებულობთ რძის პროდუქტებიდან, ხორციდან, ხილიდან და ბოსტნეულიდან.

ambebi.ge  

ფოტო: კულინART

Comments

comments