ბევრისთვის ალბათ უცნობია, რომ თბილისის სხვადასხვა უბანსა თუ ქუჩაზე, მის შემოგარენში სხვადასხვა დროს არაერთი არქეოლოგიური გათხრა ჩატარებულა და უამრავი საინტერესო აღმოჩენაა გაკეთებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თბილისის ტერიტორიაზე აქტიური ცხოვრება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მართლაც რომ ყოფილა.

დიდუბეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 1930 წელს ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის გიორგი ნიორაძის მიერ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა. აღმოაჩინეს ენეოლითის დასასრულისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლო) ნამოსახლარი, მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი. იპოვეს ხელით ნაძერწი, გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრული ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი, კერამიკა (სადა, მოვარდისფრო-ნაცრისფერ ზედაპირიანი, მიძერწილი კოპებითა და შვერილებით). აღმოაჩინეს ასევე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები…

მსგავსი მასალა აღმოაჩნესკიკეთში, კოდაში, სამშვილდეში, რაც ამტკიცებს, რომ აქ ცხოვრობდა დიდი კულტურის მქონე, მიწათმოქმედი და მესაქონლე ხალხი, რომელთა მეურნეობაშიც დიდი ადგილი ეკავა მონადირეობას და მეთევზეობას… დიდუბის მოსახლეობას ასევე სუფთად დართული ძაფით ქსოვაც სცოდნია.

შუა ბრინჯაოს ხანა ჯერჯერობით ერთადერთი ნივთით, ე.წ. ყუადაქანებული, ორნამენტით შემკული ბრინჯაოს საბრძოლო ცულითაა წარმოდგენილი, ის შემთხვევით 1935 წელს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ღრმაღელეში აღმოაჩინეს. ნივთი ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

მრავალფეროვანია მტკვრის მარცხენა მხარეს აღმოჩენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარები და სამაროვნები. თბილისი-რუსთავის წყალსადენის მშენებლობის დროს, 1949-1950 წლებში სამარხებს მიაგნეს, სადაც იყო ორნამენტიანი, შავპრიალა კერამიკა (დერგები, ქოთნები, ქილები, ლანგრები, სასმისები). ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი (სატევარი, შუბისპირი), სამკაული (სარდიონის მძივები), შინაურ ცხოველთა ძვლები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მეცხოველეობა კარგად ყოფილა განვითარებული.

1950 წელს ნავთლუღში, ნავთიჭალასთან, მდინარეებს მტკვარსა და ორხევს შორის, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი აღმოაჩინეს (ჯგუფის ხელმძღვანელი ქორიძე). გათხრილი იყო 8 ორმო-სამარხი, სადაც საბრძოლო იარაღი (ბრინჯაოს სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, ცული), სამკაული (სამაჯური, საყურე, საკისრე რგოლი, საკინძი, რომელზეც სტილიზებული ცხვრის თავი იყო გამოსახული, სარდიონის მძივები), საოჯახო ჭურჭელი (თიხის დერგი, დოქი, სასმისი, ფიალა, ჯამი, ქილა, სპილენძის ქვაბი).

გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. I ათასწლ. I ნახევარი) მასალას, 1936 წელს, სანაპიროს ქუჩისმშენებლობის დროს მიაგნეს, 1940 წელს – საბურთალოზე, ახალშენის ქუჩაზე.

ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო საუკუნეების ნაპოვნ ნივთებში განსაკუთრებულია ნუმიზმატიკური მასლა, რომლის მიხედვით ჩანს, რომ თბილისში მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა იყო. ძვ.წ. IV-III საუკუნეების ბერძნული მონეტა დიდუბის ხიდის მახლობლადაა აღმოჩენილი.

ალბათ სიმბოლურია, რომ XIX საუკუნის 70-იან წლებში ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის საძირკვლის გათხრისას ძვ.წ. III-II საუკუნეების 6 ცალი ბაქტრიული მონეტა აღმოაჩინეს.
1949 წელს ჭავჭავაძის გამზირის ბოლოს – ძვ.წ. III-I საუკუნეები – ლისიმაქეს სტატერის მინაბაძი იპოვეს. ღრმაღელეში – ძვ.წ. I ს. ფრაატ IV-ის მონეტა.

ერეკლე II-ის მოედანთან მდებარე ბაღის ტერიტორიაზე 1956-1957 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას (ხელმძღვანელები – გრძელიშვილი, ტყეშელაშვილი), მოპოვებული ნივთების მიხედვით, გათხრილია 8 მ სისქის 4 ქრონოლოგიური შრე. აღმოჩენილი იყო სამეურნეო და საცხოვრებელი ნაგებობების, წყალსადენების კერამიკული საწარმოს და სხვა ნაშთები, სამეურნეო დანიშნულების ნივთები (მოჭიქული და მოუჭიქავი

თიხის ჭურჭელი), სამკაული (მინის, ლითონის, ქვის), იარაღ-საჭურველი;

თბილისის ისტორიის შესწავლაში დიდი როლი მიუძღვის 1967 წელს ჩატარაებულ ე.წ. “თბილისის ციხის” გათხრებს (ხელმძღვანელები – ლომთათიძე, ტყეშელაშვილი). ექსპედიციამ შეისწავლა XIII საუკუნის ტაძარი, აბანო, საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაწილი. თეთრკეციანი მოჭიქული მრავალფეროვანი იმპორტული აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ XVII-XVIII საუკუნეებში ქალაქს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია სხვა ქვეყნებთან.

არქეოლოგიური ძეგლები გლდანის ტერიტორიაზეც არის. მათგან უძველესია ხევძმარის სამაროვანზე გათხრილი შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულის რამდენიმე სამარხი. ნაწილი გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანისაა. სამაროვნის მახლობლად, გლდანის V მიკრორაიონის ტერიტორიაზეა ამავე ხანის ე.წ. “საბატონოს სამაროვანი”. მისი თანადროულია 2 ნასახლარი მდინარე ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, ერთი – მდინარის კალაპოტში, მეორე – ხევის მაღალ ნაპირზეა.

მდინარე გლდანისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე, სოფელ გლდანის სასაფლაოს ახლოს და ძველი გლდანის ტერიტორიაზე, “ნარსელასა” და “ისმაილაზე” აკრეფილია გვიანდელი ბრინჯაოს – ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიური მასალა. სასაფლაოს მახლობლად, არის გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვანიც. ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასახლარი სხვადასხვა დროს აგებული ორი ეკლესიით, გათხრილია “საბატონეზე” (გლდანის მასივის IV და V მიკრორაიონებს შორის). ფეოდალური ხანის ნასახლარები მიკვლეულია “ისმაილას,” “ნარსელასა” და ხევძმარის სამაროვნის ტერიტორიაზე.

სოფელ გლდანის ტერიტორიაზე რიყიანში, 1964 წელს ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს დაინგრა ქვის სამარხები. აღმოჩენილია VI-VIII საუკუნეების ნივთები: ბრინჯაოს საყურეები, ბროწეულის ყვავილის მოყვანილობის მარჯნისთავიანი რკინის საკინძები, რკინის სამაჯურის ნატეხი… მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ექსპედიციის ბაზაზე (ხელმძღვანელები – აბრამიშვილი, ჯორბენაძე).

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

Comments

comments