ალ პაჩინო, რობერტ დენირო, ენტონი ჰოპკინსი – ეს იმ ლეგენდარულ მსახიობთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ნიუ-იორკის კინოაკადემიაში 24 წლის ქართველი მსახიობის, ირაკლი გრძელიშვილის ლექტორები იქნებიან… ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ის მაგისტრატურაზე სწავლის საფასურს გადაიხდის.

ახალგაზრდა მსახიობს “ნიუ-იორკის კინოაკადემიამ” ფილმის მსახიობის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების შესახებ დასტური მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოუგზავნა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სწავლის საფასური 51 000 აშშ დოლარს შეადგენს, ირაკლიმ დაფინანსების მისაღებად ისევ აკადემიას მიმართა, შედეგად თანხის 30%-ს სასწავლებელი დაფარავს.

“თბილისში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი ინგლისურ ენაზე ჩაწერილი მონოლოგები და აქ შესრულებული როლების მონაკვეთები ნიუ-იორკის კინოაკადემიაში გავგზავნე, საიდანაც ძალიან მალე გამომეხმაურნენ და მიმიღეს. შემდეგი ეტაპი იყო დაფინანსების მოპოვება, რისთვისაც მივმართე როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერის ადმინიტრაციას, საიდანაც პასუხი საერთოდ არ მიმიღია. ასევე მივმართე განათლების საერთაშორისო ცენტრს, სადაც მითხრეს, რომ დაფინანსებაზე განაცხადების მისაღებად რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და განაცხადი 2018 წელს უნდა გავაკეთო,” – აღნიშნავს ირაკლი გრძელიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ირაკლი გრძელიშვილის ვარაუდით, აკადემიაში, სავარაუდოდ, მისი მონოლოგები და შესრულებული როლებიდან ამოჭრილი მონაკვეთები მოეწონათ. მისი თქმით, ნიუ-იორკის კინოაკადემიაში მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან როგორც სამსახიობო, ისე რეჟისურისა და დრამატურგიის განხრით, ის ერთ-ერთი უპირველესი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სწავლის შანსის ხელიდან გაშვება არ სურს, თუმცა საფასურის გადახდის ბოლო ვადა 30 დეკემბერია.

“იმედს არ ვკარგავ, რადგან ჩემი ოჯახი მეხმარება და მაინც ვეცდები, რომ სწავლა გავაგრძელო. აკადემიაშიც მითხრეს, რომ შესაძლებელი იქნება, თანხა გარკვეულ პერიოდზე გადამინაწილონ. აქ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის მომენტია. ზოგადად, კულტურის სფეროში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რაც შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებზე აისახება. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფომ ჩვენ მიმართ ყურადღება გამოიჩინოს, რაც სამწუხაროდ, ახლა არ ხდება,” – აღნიშნავს ახალგაზრდა მსახიობი.

Comments

comments